"ცხადია, ყველა დაკვირვების რეჟიმში გადავიდა" - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა ბიზნესის განწყობაზე გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.
გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ადგილი დემოკრატიულ სამყაროშია და განვითარდება მხოლოდ დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს. ამასთან ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ყველამ - ბიზნესმა, არასამთავრობო სექტორმა თუ მოქალაქეებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმ სფეროში, სადაც საქმიანობენ.
„ცხადია, ყველა გადავიდა დაკვირვების რეჟიმში. არის გარკვეული გაურკვევლობა, ეს გულწრფელად უნდა ითქვას. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ნეგატიური მოვლენების მოლოდინი გვაქვს. მეც არ მაქვს პირადად, ვფიქრობ, რომ ვნებათაღელვა გადაივლის. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფალ რეჟიმში და დაიდება ის შედეგი, რაც არის.
ცხადია, ჩვენი ადგილი არის დემოკრატიულ სამყაროში და საქართველო თუ განვითარდება, განვითარდება დემოკრატიული გზით. ამ შემთხვევაში მივიღებთ ჩვენ ეკონომიკურ ზრდასაც და უსაფრთხოებასაც, თუმცა ამას დრო სჭირდება და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საფრთხეა, ბეწვის ხიდზე გავდივართ და დანარჩენი პოლიტიკოსების საქმეა. ვინც კი ჩართულნი ვართ აქტიური მოქალაქეები, ვინც ვართ ბიზნესში, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით ვმუშაობთ, ყველამ უნდა ვაკეთოთ მაქსიმუმი ჩვენ პროფესიაში. მე და ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები არ ვჩერდებით, ჩვენთვის მოცემულობაა, რომ გავიხედოთ 6 თვის, რამდენიმე წლის შემდეგ და ის პოტენციალი, რაც აქვს საქართველოს აუცილებლად უნდა ავითვისოთ. პარტნიორებთან ერთად ვაკვირდებით პროცესებს, თუმცა არ ვჩერდებით", - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.