მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცხოველების მონიტორინგის სამსახური ახალ ოფისს, ლაბორატორიას, ვოლიერებსა და კრემატორიუმს აშენებს

ვოლიერი
14.03.25 12:13
813

თბილისში, გლდანის რაიონში ცხოველთა ახალი თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც 1,654,266 ლარი გამოიყო. პროექტის განხორციელებას სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ უზრუნველყოფს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის 28 მარტიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს. პროექტი გამარტივებული კონტრაქტით, ტენდერის გარეშე განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, სააგენტოს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება ოფისის შენობა, საოპერაციო ბლოკი, კრემატორიუმი, ლაბორატორია, მოსასვენებელი სივრცე, სამი ერთეული ვოლიერი, საწყობი და ღამის გასათევი ბაზა. ასევე მოეწყობა წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, გათბობა-გაგრილების ინფრასტრუქტურა და შიდა გზა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პროექტის საჭიროება განპირობებულია სააგენტოს საქმიანობით, რომელიც ცხოველთა პოპულაციის კონტროლსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას მოიცავს. არსებული თავშესაფრის ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი შენობების დამატება აუცილებელია, რათა სააგენტომ შეუფერხებლად განახორციელოს ცხოველთა სტერილიზაცია, ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია.

მშენებლობის გადაუდებელ აუცილებლობას სააგენტოს წარმომადგენლები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ახალი თავშესაფრის მშენებლობა 2024 წელს დაიგეგმა და თბილისის მერიის მიერ შესაბამისი თანხები 2024-2025 წლებში სპეციალური ტრანსფერის სახით გამოიყო. თუმცა მიწის ნაკვეთის მოძიებას, საპროექტო სამუშაოებსა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

სააგენტოს ცნობით, ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, პროცედურები შესაძლოა 2 თვემდე გაგრძელდეს, რაც საფრთხეს შეუქმნიდა პროექტის დასრულებას 2025 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. შესაბამისად, სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ტენდერის გარეშე მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები