Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსით (Cost of Living Index), 327 ქალაქს შორის თბილისი 236-ე, ბათუმი კი - 260-ე ადგილზეა.
Numbeo ცხოვრების ღირებულების ინდექსების სერიას აქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ ხარჯებს ითვლის, საბაზისო მაჩვენებლად კი ნიუ-იორკს იყენებს, რომელსაც ინდექსით 100 ქულა ენიჭება.
Cost of Living Index სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფარდობით ფასებს, მათ შორის სასურსათო პროდუქტების, კვების, ტრანსპორტირების და კომუნალურ მომსახურების ფასებს ზომავს, მაგრამ არ მოიცავს საცხოვრებლის ხარჯებს, ქირას ან იპოთეკურ გადასახადებს.
შესაბამისად, თუ ქალაქის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 120-ია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქირის გარეშე ყოველდღიური ხარჯები იქ 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ნიუ-იორკში.
პლატფორმის თანახმად, თბილისი რეიტინგში 236-ე ადგილზეა, ინდექსით კი 33 ქულითაა შეფასებული. Numbeo-ს შეფასებით, ქირის გამოკლებით, ოთხსულიანი ოჯახის ცხოვრების თვიური ღირებულება 6,243.1 ლარია, ერთი ადამიანისთვის კი - 1,692.9 ლარი.
ამასთან, ყოველთვიური ხარჯები (საცხოვრებლის გამოკლებით) 67%-ით უფრო იაფია, ვიდრე ნიუ-იორკში, ხოლო ქირის ღირებულება, საშუალოდ - 82.7%-ით უფრო ნაკლები.
Numbeo-ს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ, მაგალითად, საშუალო ტიპის რესტორანში ერთი კვება, ერთ ადამიანს 18-დან 50 ლარამდე შეიძლება დაუჯდეს, 0.33-ლიტრიანი წყალი - 1-დან 3 ლარამდე, 1 კგ ყველი - 12-დან 60 ლარამდე, ხილის ზოგიერთი სახეობა 1-დან 10 ლარამდე და სხვა. დათვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულებაც, რაც ერთჯერადად 1 ლარს, თვიურად 30-45 ლარს, ხოლო ტაქსით სარგებლობის შემთხვევაში, კილომეტრზე 1.5-4 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კომუნალურებს - 85 მ² ბინის გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადები თვიურად 140-დან 320 ლარამდე დიაპაზონში მერყეობს.
ბათუმის შემთხვევაში, რომელსაც ინდექსით 28.8 ქულა ენიჭება, ოთხსულიანი ოჯახის ცხოვრების თვიური ღირებულება 5,235.3 ლარია, ერთი ადამიანისთვის კი - 1,429 ლარი.
საშუალო ტიპის რესტორანში ერთი კვება ბათუმში ერთ ადამიანს საშუალოდ 25 ლარი შეიძლება დაუჯდეს, წყალი - 1-2 ლარი, 1 კგ ყველი - 12-დან 40 ლარამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბათუმში ერთჯერადად 0.3 ლარს, თვიურად 20 ლარს, ხოლო ტაქსით სარგებლობის შემთხვევაში, კილომეტრზე 1-3 ლარს შეადგენს.
85 მ² ბინის გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადები ბათუმში თვიურად 100-425 ლარი ჯდება.
ქალაქები, სადაც ცხოვრების ღირებულება ყველაზე მაღალია:
- ციურიხი, შვეიცარია - 103.8
- ლოზანა, შვეიცარია - 100.9
- ჟენევა, შვეიცარია - 100.7
- ნიუ-იორკი, აშშ - 100.0
- ბაზელი, შვეიცარია - 98.0
- ბერნი, შვეიცარია - 95.0
- სან-ფრანცისკო, აშშ - 90.5
- ჰონოლულუ, აშშ - 86.9
- რეიკიავიკი, ისლანდია - 83.7
- ბოსტონი, აშშ - 83.7
ქალაქები, სადაც ცხოვრების ღირებულება ყველაზე დაბალია:
- კაირო, ეგვიპტე - 19.6
- ბჰუბანეშვარი, ინდოეთი - 19.3
- კოჩი, ინდოეთი - 19.0
- სურატი, ინდოეთი - 18.9
- ჯაიპური, ინდოეთი - 18.8
- ლაკნაუ, ინდოეთი- 18.8
- კარაჩი, პაკისტანი - 18.7
- ლაჰორი, პაკისტანი - 18.4
- ალექსანდრია, ეგვიპტე - 17.9
- კოიმბატორი, ინდოეთი - 17.7

























