ჰელოუინის ტრადიციული შავ-ნარინჯისფერი პალიტრა წელს ვარდისფერი გახდება. საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის თანახმად, "ბარბიმანია" შემოდგომის მთავარ დღესასწაულსაც დაიპყრობს და ჯადოქრებისა და ვამპირების შემდეგ, ბარბის კოსტიუმი წლევანდელ ჰელოუინზე ყველაზე მოთხოვნადი იქნება.
როგორც ცნობილია, ჰელოუინის აღსანიშნავად წელს ამერიკელები რეკორდული ოდენობის თანხას, 12.2 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, საიდანაც 4.1 მილიარდი დოლარი ლიცენზირებულ კოსტიუმებზე, არაბრენდულ დუბლიკატებსა და წვრილმან აქსესუარებზე დაიხარჯება. ბარბის კოსტიუმები და ზოგადად ვარდისფერი სამოსი კი, დახარჯულ თანხაში ყველაზე დიდ წილს დაიკავებს.
ჰელოუინის კოსტიუმების გამყიდველმა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა Spirit-მა ბარბის კოსტიუმების გაყიდვა უკვე აქტიურად დაიწყო, განსაკუთრებული მოთხოვნა კი, როგორც აღმოჩნდა კენის ნეონის როლიკებიან კოსტიუმზეა. ისეთი საცალო მოვაჭრეები კი, როგორიცაა: Target Corp, Walmart და Amazon ლიცენზირებულ კოსტიუმებს ყიდიან. გარდა ამისა, ამაზონზე უკვე მრავლადაა ფილმის ყველაზე პოპულარული პერსონაჟების კოსტიუმების არალიცენზირებული ასლები, რომლებსაც "Cowgirl outfits" ან "კინო კოსფლეის" კაბების სახელწოდებით შენიშნავთ.
წლევანდელ ჰელოუინზე ბარბის გავლენა, რომელსაც სხვაგვარად Barbieween-ს უწოდებენ, რასაკვირველია კინოფილმ "ბარბის" ბუმს უკავშირდება. Warner Bros Discovery-ის მიერ გამოშვებულმა ფილმმა წელს ყველა რეკორდი მოხსნა და 1.4 მილიარდი დოლარის გამომუშავებით, წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად დასახელდა. გრეტა გერვიგი კი პირველი ქალი რეჟისორი გახდა, რომლის ფილმის შემოსავალმაც 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მარგო რობის გმირით შთაგონებული ტიკ-ტოკის ინფლუენსერები მოუწოდებენ მიმდევრებს, რომ ჰელოუინზე არა მხოლოდ ბარბის კოსტიუმების სხვადასხვა ვარიაცია მოამზადონ, არამედ 31 ოქტომბერს დაგეგმილი ფლეშმობისთვის ის ცეკვები შეისწავლონ, რომლებიც კინოფილმშია წარმოდგენილი.
ამერიკელი ქალების უმრავლესობას წლევანდელ ჰელოუინზე რომ ბარბის კოსტიუმში ყოფნა სურს - ეს ცხადზე ცხადია, თუმცა ისინი, ვისაც სურს განსხვავებული ბარბი იყოს, უპირატესობას იმ ჩაცმულობას ანიჭებენ, რომელიც არა გრეტა გერვიგის კინოსურათის, არამედ 1984 წელს გამოშვებული თოჯინა - "Peaches 'n Cream" Barbie-ით არის შთაგონებული.