წელს ხარისხობრივად საუკეთესო მოსავალია, თუმცა, ჭარბი ყურძნის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება - ამის შესახებ BMG-სთან ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, მეღვინეობის დარგის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, წლევანდელი კლიმატური პირობები დადებითად აისახა ვაზის მდგომარეობასა და ყურძნის ხარისხზე. თუმცა, გაზაფხულის დაგვიანების გამო, დამწიფების პროცესი შედარებით შენელდა, რის გამოც რთველის ძირითადი ფაზა კახეთში - გურჯაანისა და თელავის რაიონებში შედარებით გვიან შევა აქტიურ ფაზაში.
“წელს, საკმაოდ კარგი წელია, უბრალოდ, ცოტა, გვიან მწიფდება ყურძენი, თუმცა, ხარისხობრივად კარგი მოსავალია. ჯერჯერობით, უფრო კახეთის სამხრეთი იკრიფება და რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო უკვე იბარებს ჭარბ ყურძენს.
ამინდის თვალსაზრისით, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი წელი იყო. ფაქტობრივად, არ ყოფილა ზედმეტი სიცხე. მაღალი სიცხე და გვალვა ვაზსაც და ყურძნის ხარისხსაც ძალიან აზიანებს. გაზაფხული ცოტა გვიან დადგა და ვაზის გაღვიძება დაგვიანდა. ამან გამოიწვია, რომ რთველი ცოტა უფრო გვიან იწყება, ვიდრე წინა წლებში იყო“ - აცხადებს გიორგი სამანიშვილი BMG-სთან.
მისივე შეფასებით, წელს სახელმწიფოს კვლავ დიდი მოცულობის - სავარაუდოდ, 150 000-დან 200 000 ტონამდე ჭარბი ყურძნის ჩაბარება მოუწევს. როგორც სამანიშვილი განმარტავს, სექტორის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ყურძნის წარმოება გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ღვინის რეალიზაციის მაჩვენებლები. მეღვინე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა და სისტემური ცვლილებების დაგეგმვა რთველის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს.
„წელსაც გვექნება იმდენივე ჭარბი ყურძენი, როგორც შარშან იყო. ძალიან ძვირი დაგვიჯდება ბიუჯეტს ის, რომ ეს ჭარბი ყურძენი სახელმწიფომ ისე გადაამუშაოს, რომ მევენახეებმა ვერაფერი ვერ იგრძნონ. ამ საკმაოდ კარგი მოსავლიდან, ანუ საკმაოდ კარგი ყურძნიდან ისევ დავამზადებთ სპირტებს, რომლებსაც იმაზე იაფად გავყიდით, ვიდრე თვითღირებულება ჯდება“ - აცხადებს გიორგი სამანიშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 15,2 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
























