მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლევანდელი რთველის ფარგლებში მოსავალი შემცირდება, მაგრამ გაცილებით ხარისხიან ყურძენს მივიღებთ - "ღვინუკა"

ზუკა მაისაშვილი

ღვინის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ელის, რომ წლევანდელი რთველის ფარგლებში მოსავლის მცირედით შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა ყურძნის ხარისხი გაიზრდება.

როგორც მეღვინეობა” ღვინუკას დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მოსალოდნელია, რომ წელს მოსავალი 300 ათასი ტონის ფარგლებში იქნება, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით ნაკლებია.

თუმცა ზუკა მაისაშვილი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მოსავლის ხარისხის ზრდა, რაც მათ შორის რთველის წესებში შეტანილი ცვლილებებით იქნება განპირობებული. მათ შორის იმ გარემოებით, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიდგომა გაამკაცრა და ყურძნის ჩაბარების ფასი მისი შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთველი პრაქტიკულად უკვე დაიწყო და შემდგომი 2-3 კვირის მანძილზე უკვე მოხდება აქტიური გადამუშავება ყურძნის და შევა რთველი პიკურ ფაზაში. წელს ნამდვილად პირველი წელია, როდესაც მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება ზოგადად დარგი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ წინა წლებში სუბსიდირების მოდელი ისე იყო აწყობილი, რაც გულისხმობდა იმას, რომ მხოლოდ რაოდენობაზე ჰქონდათ მოტივაცია მევენახეებს გათვლილი, წელს ეს პირველად იცვლება და შემოდის ხარისხობრივი მაჩვენებელი. ხარისხობრივ მაჩვენებელში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის შაქრიანობის მაჩვენებელი. ამავდროულად, ფიზიკურად არ უნდა იყოს ყურძენი დაზიანებული, კონდიციური უნდა იყოს იმისთვის, რომ მოხდეს მისი უმაღლეს ფასად ჩაბარება.

აღნიშნული დიფერენციაცია ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, იმიტომ, რომ წინა წლებში 16%-იანი იყო შაქრიანობა თუ 23%, მათი ფასი განისაზღვრებოდა ერთნაირად, იყო 90 თეთრი, 1 ლარი. წელს ეს მაჩვენებლები შედარებით უფრო გაზრდილია, საფერავის შემთხვევაში არის 1,5 ლარი, თუ იქნება კონდიციური და 22%-იდან მაღლა; რქაწითელის შემთხვევაში 21% და ზემოთ ასევე იქნება 1,3 ლარი, რაც შედარებით უფრო მაღალი ფასია, ვიდრე წინა წლებში იყო. ხოლო შედარებით უფრო დაბალკონდიციურ და დაბალი ხარისხის ყურძნის ფასი იქნება შესაბამისი, რაც განისაზღვრება 16-17%-მდე 30 თეთრით, ხოლო 17-დან 21%-მდე — 90 თეთრით.

ხარისხიანი ღვინო იწყება ვენახიდან და საგაზაფხულო სამუშაოებიდან. შესაბამისად, თუ მევენახეს არ აქვს მოტივაცია, რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, ის ბუნებრივია, რომ ვენახს მაქსიმალურად ტვირთავს და მაქსიმალურად მეტი რაოდენობის ყურძენს იღებს, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი. ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით შეიძლება მევენახემ მოიყვანოს 25 ტონა რქაწითელი, რომლის შაქრიანობა იყოს 16-17%. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ტიპის ოპერაცია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო რთველამდე ვენახის მოვლისთვის, იყო ან არასათანადოდ ჩატარებული, ან მაქსიმალურად იყო დატვირთული ვენახი. ხოლო წელს შემოდის კომპონენტი პირველად, რომ შეიძლება მევენახემ მოიყვანოს 10-12 ტონა ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მაგრამ მისი შაქრიანობა იყოს 22% და ზემოთ, რაც გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ყურძენს გულისხმობს და შემდგომ მისი გადამუშავებით, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ხარისხის ღვინოს მივიღებთ.

წლევანდელ რთველს რაც შეეხება, სავარაუდოდ, საორიენტაციო მაჩვენებელი იქნება ალბათ 300 000 ტონა, რაც შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე შარშანდელი რეკორდული მოსავალი, რომელიც 330 000 ტონა იყო. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ამ მოცულობის ყურძენი საქართველოში არასდროს გვქონია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა: მათ შორის ის, რომ ბოლო წლებში გაშენდა ვენახები და ეს ვენახები შევიდა მსხმოიარობაში; ამავდროულად კლიმატმა შეუწყო ხელი და ყვავილობა ისეთ პერიოდში მოხდა, რამაც განაპირობა რაოდენობა; და რაც მთავარია, არ არსებობდა ის მოდელი, რომელიც წელს შემოდის — რაც გულისხმობს, რომ მევენახეებს არ ჰქონდათ მოტივაცია, რომ შედარებით მცირე, მაგრამ ხარისხიანი ეწარმოებინათ, რომელსაც ძვირად გაყიდდნენ.

აქედან გამომდინარე, წელს ვვარაუდობ, რომ [მოსავალი] შედარებით შემცირდება, თუმცა ეს არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, მაგრამ გაცილებით უფრო ხარისხიან ყურძენს მივიღებთ და გაცილებით უფრო ხარისხიანი რთველი ჩატარდება. როდესაც პროცესი გააქტიურდება და ჩვენ რეალობაში ვნახავთ, რამდენად დაიცვეს [მოთხოვნები] მევენახეებმა და რამდენად აკმაყოფილებს მათი ყურძენი იმ სტანდარტებს, რომელსაც სახელმწიფო აწესებს, ამას ჩვენ ვნახავთ, რთულია ამის განსაზღვრა წინასწარ. თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვადასხვა მედია აქტიურად ახორციელებს კამპანიას იმის შესახებ, რომ წელს პირველად ასეთი რთველი ჩატარდება”, - განაცხადა ზუკა მაისაშვილმა.

ცნობისთვის, წლევანდელი რთველის ფარგლებში, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება, ხოლო არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები