მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლევანდელი წელი სავალუტო რეზერვების შევსების თვალსაზრისით რეკორდული იქნება - ნათია თურნავა

თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წელი საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებისთვის რეკორდული იქნება. თურნავას თქმით, 1.3 მილიარდი დოლარის შესყიდვები, რაც წელს განხორციელდა წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება, ამასთან შესყიდვები მიმდინარეობდა აგვისტოს განმავლობაშიც.

"ივლისის მდგომარეობით გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა და მინდა გითხრათ რომ აგვისტოშიც გრძელდებოდა შესყიდვები. მინდა ვთქვა რომ წლევანდელი წელი იქნება რეკორდული რეზერვების შესყიდვის და შევსების თვალსაზისით. აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და ის დარგები, რომლებიც არის ქვეყანაში ვალუტის შემომტანები. ესაა ტურიზმი, ესაა მომსახურების და საქონლის ექსპორტი და ზოგადად სტაბილური ვითარება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში 417 მილიონი დოლარი შეისყიდა -

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ივლისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 331 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მთლიანობაში 2025 წლის განმავლობაში სებ-მა 1.3 მილიარდი დოლარი შეისყიდა, მათ შორის ყველაზე დიდი - $417 მილიონიანი შესყიდვა სწორედ ივლისში განახორციელა.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი.

ამჟამად არსებული 5 მილიარდი დოლარის რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის მეორე ნახევარში - განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც სავალუტო რეზერვების 4.1 მილიარდ დოლარამდე კლება განაპირობა. ამის გამო დღის წესრიგში რეზერვების შევსების აუცილებლობა დადგა, 2025 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამურად 1.3 მილიარდი დოლარი შეისყიდა.

ამასთან, რეზერვების მცირე მოცულობის გათვალისწინებით მისი შევსების საჭიროებაზე არაერთი განცხადება გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელმაც 2024 წელს მიუთითა, რომ მისი მოცულობა ადეკვატურობის ზღვარზე დაბლა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები