მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლევანდელი ზაფხული პასიური აღმოჩნდა" - Woodhouse Lagodekhi

Woodhouse Lagodekhi

ლაგოდეხში მდებარე სასტუმრო ობიექტი Woodhouse Lagodekhi-ის თანადამფუძნებელი, ანანო სიყმაშვილი 2026 წლის ზაფხულს პასიურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ტურისტულმა ნაკადებმა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდანაც იკლო. Woodhouse Lagodekhi-ში კი ამას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ - მათ შორის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.

"Woodhouse Lagodekhi-სთვის წლევანდელი ზაფხული შედარებით პასიური აღმოჩნდა. უცხოელი დამსვენებლების კუთხით რიგ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. გვქონია შემთხვევა, როდესაც ჩამოდიან და ამბობენ, რომ, რეალურად მშვიდი გარემოა და საფრთხეს ვერ გრძნობდნენ, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, ბევრი უცხოელი დამსვენებელი საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებდა, რადგან ფიქრობდა, რომ თავს დაცულად არ იგრძნობდა და მათ მოგზაურობას საფრთხე შეექმნებოდა.

ასევე, ჩვენი დაკვირვების შედეგად, არა მარტო კახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, როგორც ვიცით, იყო წვიმიანი ზაფხული, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც იჯავშნებოდა, მაგრამ უამინდობის გამო შემდგომ ჯავშნები უქმდებოდა", - ამბობს ანანო სიყმაშვილი BMG-სთან საუბრისას.

ნაკადების კლების მიუხედავად, ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტორები კახეთს მაინც სტუმრობდნენ, მათ შორის კი უმეტესობა საუდის არაბეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. თუმცა, ამჟამად, რთველის პერიოდისთვის განკუთვნილი წინასწარი ჯავშნების რაოდენობა კვლავ მცირეა.

"როგორც ქართველები, ასევე უცხოელებიც კახეთით ძალიან ინტერესდებიან - სულ კითხულობენ და აინტერესებთ ღვინის მასტერკლასებზე დასწრება, რთველის პერიოდიც საკმაოდ მიმზდველია მათთვის. მაგრამ სულ რამდენიმე ჯავშანი გვაქვს მიღებული საშემოდგომოდ, რომელიც რთვლის პერიოდს ემთხვევა", - აცხადებს Woodhouse Lagodekhi-ს თანადამუფძნებელი.

ანანო სიყმაშვილი თვლის, რომ კახეთს ტურისტული მიმართულებით ბევრად დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს, თუმცა მის სრულად ათვისებას ინფრასტრუქტურის გამართვა სჭირდება - "ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მეტად უნდა განვითარდეს, თუნდაც ლაგოდეხი. ჩვენი კოტეჯები, როგორც იცით, ლაგოდეხის ნაკრძალთან ძალიან ახლოს, 5 წუთში მდებარეობს და ვფიქრობ, რომ სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალს მეტი პოტენციალი აქვს, რომ ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს, რადგან როგორც ვიცით, უცხოელ დამსვენებლებს ჰაიკინგი და მსგავსი აქტივობები ძალიან იტაცებთ. ინფრასტრუქტურულად განვითარებული როცა იქნება, მათთვის მეტად საინტერესო გახდება და მათი რაოდენობაც მეტად გაიზრდება", - აცხადებს სიყმაშვილი.

მისივე ცნობით, მუდმივად ცდილობენ, რომ დამსვენებლების რეკომენდაციები და რჩევები გაითვალისწინონ, ყოველ წელს სიახლე დანერგონ და როგორც ქართველები, ისე უცხოელები, მეტად დააინტერესონ, თუმცა ამაში ხელი გარემო ფაქტორებმაც უნდა შეუწყოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები