წლის ბოლომდე, ბაზარზე ინოვაციური პლატფორმა Chama უნდა გამოჩნდეს, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა, თორნიკე გაგუამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
Chama არის დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ასობით ბიზნესსა და 800,000-ზე მეტ მომხმარებელს, დაჯავშნოს ონლაინ, ჩაეწერონ სასურველ პროცედურაზე ერთი ფანჯრის პრინციპით.
მისივე ცნობით, პლატფორმა მიზნად ისახავს რესტორნების დატვირთულობის ოპტიმიზაციას და მოგების მაქსიმალიზაციას ციფრული მენიუების საშუალებით, სადაც ფასები რეალურ დროში იცვლება. პროექტი 3-4 თვის წინ დაიწყო და მას უკვე პარტნიორი რესტორნების ჩამონათვალი აქვს, რომლებიც პლატფორმის ჩაშვების შემდეგ Chama-ს დაუკავშირდებიან.
„იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ვყოფილვართ როგორც მომხმარებელიც, ასევე სარესტორნო მიმართულებით გამოცდილებაც გვაქვს. მე თვითონ ერთ-ერთ მსხვილ სტუმარმასპინძლობის კომპანიაში ვმუშაობ. შესაბამისად, გვინდოდა, რომ რესტორნებს დავხმარებოდით, რადგან ბოლო პერიოდში არაერთი რესტორანი იხურება. გვინდოდა გადაგვერჩინა რესტორნები და გაგვეხადა ისევ მოგებიანი,” – განაცხადა თორნიკე გაგუამ.
მისივე ცნობით, პლატფორმის MVP გაშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება, ხოლო GITA-ს 150,000 ლარიანი გრანტი, რომელიც სტარტაპმა ცოტა ხნის წინ მოიგო, განვითარებისა და მარკეტინგისთვის საჭირო დაფინანსებას უზრუნველყოფს. საბოლოო სახეს პროექტი სავარაუდოდ მომავალ წელს მიიღებს. სტარტაპი ექსპორტსაც გეგმავს ევროპის მიმართულებით. პირველი ბაზარი, რომელსაც Chama სამიზნედ ისახავს, პოლონეთია.
დღეის მდგომარეობით, სტარტაპ ჯგუფი 3 ადამიანისგან შედგება და აქტიურად მუშაობს პლატფორმის განვითარებაზე.