მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს – გარემოს ეროვნული სააგენტო

სს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს.

სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძლებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს, რაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა ოპტიმალურ რაოდენობად.

“რა თქმა უნდა, ამ სისტემების განვითარება გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან საერთაშორისო სპეციალისტები. მათი რეკომენდაციების საფუძველზე ხდება სწორედ ამ სისტემების განთავსება, იმისთვის რომ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი იყოს ის მოსალოდნელი პროგნოზები და გაფრთხილებები, რასაც ჩვენი ეროვნული მეტეო სამსახური გასცემს,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა იმედის ეთერში.

ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, წყლის დონეების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას, რაც ხელს უწყობს ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტურობის გაზრდას.

ასევე, სააგენტოში დაინერგა ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა, რომელიც თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიული შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი გაფრთხილებების დროული გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, ისე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის დანერგვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე მნიშვნელოვნად გააფართოვა გეოლოგიური მონიტორინგის ქსელი, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია, ასევე სატელიტური გამოსახულებების დამუშავება (InSAR ტექნოლოგია). ქვეყნის მასშტაბით 28 მეწყრულ სხეულზე დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემები, მათ შორის 22 ინტეგრირებულია ერთიან სერვერულ პლატფორმაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები