საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.
როგორც BMG-ის ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, გასულ პერიოდში სესხების გაძვირება მათ შორის იმ ფაქტორით იყო გამოწვეული, რომ ლარში სადეპოზიტო პორტფელი შედარებით ნაკლები ტემპით იზრდებოდა.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ბაზარზე დამატებითი ლარის რესურსი გაჩნდა, ამასთან, ევროპაში მონეტარული პოლიტიკის შერბილება გრძელდება, შესაბამისად, მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს.
„ჯერ კიდევ 2024 წელს ვსაუბრობდით, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა იყო მოსალოდნელი და ახლა ეს ტენდენცია გვაქვს. ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდა უპირველეს ყოვლისა მონეტარულ პოლიტიკაზე დამოკიდებული. ასევე წლის დასაწყისში არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა აჭარბებდა სადეპოზიტო პორტფელის ზრდას, რამაც ასევე კიდევ ერთი მატება გამოიწვია საპროცენტო განაკვეთებში.
წლის ბოლომდე რომ შევხედოთ, ლარშიც და უცხოურ ვალუტაშიც ველოდებით საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. უშუალოდ საკრედიტო პორტფელზე შესაძლებელია, რომ წლის ბოლოსვე უკვე აისახოს ეს ტენდენცია. თუმცა უფრო მეტად მომავალი წლიდან იქნება ეს ტენდენცია შენარჩუნებული“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში სესხების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის ივლისში საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.5% შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 12.9%-ს შეადგენდა. უფრო მკვეთრად, 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაძვირებული ლარის სესხები, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთმა ივლისში 15.7%-ს მიაღწია.




























