"დიზაინის ინსტიტუტი" ხელმძღვანელი ნინო ეგაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე სხვადასხვა სახის უფასო მასტერკლასი ექნებათ და დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ.
"მინდა მოვიწვიო ყველა ადამიანი, ვისაც ინტერესი აქვს დიზაინის მიმართ, სხვადასხვა ტიპის უფასო მასტერკლასები გვექნება ამ წლის ბოლომდე. წელს იმედი გვაქვს, რომ break-even-ზე გავალთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და მთელი ძალისხმევა მიმართულია აქეთ, რადგან გვინდა, რომ გვყავდეს 500 სტუდენტი. ახლა ვართ 320-ზე და გვინდა, რომ გავანულოთ ის ხარჯები, რომელიც გვაქვს და შემდეგი წლიდან მოგებაზე გავიდეთ", - თქვა ეგაძემ "საქმიან დილაში".
თბილისში სოციალური დიზაინის დღეების ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც წელს ურბანულ სივრცეებსა და მემკვიდრეობას ეძღვნება. ღონისძიებას, რომელიც 25-27 სექტემბერს იმართება, დიზაინის ინსტიტუტი უწევს ორგანიზებას.
კონფერენციის მთავარი მიზანია, შემოქმედებითი სფეროსა და ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანება, რათა შეიქმნას ერთგვარი ჰაბი, სადაც მონაწილეები ერთმანეთს დაუკავშირდებიან და იმსჯელებენ პროექტებზე, რომლებსაც აქამდე ფართო საზოგადოება არ იცნობდა. ამასთან, ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას და დიზაინის, როგორც საერთო დისციპლინის მქონე აუცილებელი ინსტრუმენტის წარმოჩენას საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად.




























