"თიბისი კაპიტალის" განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარის კურსი სტაბილური იქნება და დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება, რადგან მზარდი ინფლაციური ზეწოლა გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს.
მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება.
"ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისში დეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომ სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
"თიბისი კაპიტალმა" საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.1%-მდე გაზარდა




























