ბოლო პერიოდში ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევა გახდა,- ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე, BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში საუბრობს და განმარტავს, რა როლს შეასრულებს Georgia Energy Expo 2025 ენერგოეფექტურობაზე ცნობიერების გაზრდაში, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
"მე ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობას. ეს არის სახელმწიფოებრივი დონის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ენერგოდამოკიდებულება ბოლო პერიოდში სერიოზული გამოწვევა გახდა ჩვენი ქვეყნისთვის. წელს, აგვისტოს თვეში პირველად მოხდა, მსგავსი არ მომხდარა არასდროს, რომ ჩვენ ვიყავით [ელექტროენერგიის] იმპორტზე დამოკიდებული. ანუ თვე აღარ დაგვრჩა წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანა არ არის იმპორტზე დამოკიდებული.
3-დან 5%-მდე გვაქვს ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, რასაც გენერაცია ვერ ეწევა ვერანაირად. ეს ფორუმი და ეს გამოფენა პირდაპირ ეძღვნება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი გენერაციის ობიექტი შეიქმნას, როგორც ჰიდროს მიმართულებით, ასევე მზის და ქარის მიმართულებით, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ არა მხოლოდ კერძო სექტორის გამოწვევას, არამედ სახელმწიფოებრივ გამოწვევას რეგიონალურ დონეზე", - ამბობს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც, რომლებიც ასევე მიიღებენ ფორუმში მონაწილეობას.
"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშან ჩვენი სომეხი კოლეგების ჩართულობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანი გააქტიურდება, იქ ცოტა განსხვავებული წყობაა, თუმცა გვაქვს განცდა იმისა, რომ ნელ-ნელა უკვე გადადიან ევროპულ სტანდარტებზე. ჩვენ მალე გვეყოლება აზერბაიჯანელი წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში შეიქმნება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი-სომხეთის კოლაბორაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რაც არის „ბაზრების დაჯგუფება“ (Market Coupling). სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია სექტორის რეგიონული განვითარება", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, Georgia Energy Expo 2025 ექსპო ჯორჯიაში 6-7 ნოემბერს ჩატარდება.




























