მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება - რევაზ სოხაძე

232

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება.

„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზეც — ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება,“- თქვა რევაზ სოხაძემ ქუთაისში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ.

სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას.

პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები.

განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული როგორც ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის, ისე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ქუთაისის 1957 წელს დაარსებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ, რეაბილიტაცია მხოლოდ საფეხმავლო ზონას ჩაუტარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები