დღეს 2024 წლის მთავარი კორპორაციული გარიგება შედგა - ამერიკულმა კომერციულმა ბანკმა, Capital One-მა 35 მილიარდ დოლარად Discover Financial-ის შესყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გარიგება თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით მომენტალურად მოექცა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Capital One-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ლეგენდარული უორენ ბაფეტია.
შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რატომ არის ეს გარიგება ასეთი მნიშვნელოვანი და ეს შეკითხვა ვალიდურიც იქნება, რადგან Discover Financial-ის შესახებ საზოგადოებაში ბევრი რამ ნამდვილად არ არის ცნობილი. თავად ეს კომპანია ტრადიციული ბანკის ფუნქციას ასრულებს, თუმცა მას ერთი საინტერესო პროდუქტიც აქვს - ეს მისი საგადახდო სისტემაა, რომელიც 200-მდე ქვეყანაში ოპერირებს და ის კონკურენციას Visa-ს, Mastercard-ს და American Express-ს უწევს.
ცხადია, ამ გიგანტებთან Discover-ის შედარება უბრალოდ სასაცილოა, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ თავად Capital One-ი პატარა კომპანია არ არის და ის საფონდო ბირჟაზე 52 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ასეთი მაღალი შეფასება კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ Discover-ის მასშტაბის კომპანია პირდაპირ შეისყიდოს. ცხადია, ეს ტრანზაქცია ნაღდი ფულით არ განხორციელდება და აქ ადგილი ექნება კომპანიების აქციების გაცვლას, რაც უოლ-სტრიტზე გავრცელებული პრაქტიკაა. გაცვლის შედეგად, Discover-ში გადახდილი ფასი მიმდინარესთან შედარებით 27%-იანი პრემიუმი იქნება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
საგადახდო სისტემის შესყიდვასთან ერთად, Capital One-ის პორტფელში მილიონობით მომხმარებლის საკრედიტო ბარათიც გადავა, რაც კომპანიას ზრდის დამატებით საშუალებას მისცემს.
მართალია, გარიგება უკვე შედგა, თუმცა ის სისრულეში ჯერაც არ მოსულა, რადგან ამისათვის მარეგულირებლის მხრიდან საბოლოო დასტურიც გაცემაა საჭირო, ამას კი, გარიგების მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელიწადიც კი დასჭირდეს.