მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლიურ ჭრილში ალბათ მლრდ-იან პრემიას გადავაჭარბებთ“ - სადაზღვევო სექტორი წელს აჯამებს

დევი ხეჩინაშვილი

სადაზღვევო სექტორისთვის 2023 წელი წარმატებული იყო. როგორც "სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა წლიურ ჭრილში სექტორი სავარაუდოდ მლრდ-იან პრემიას გადააჭარბებს.

მისვე თქმით, წელი გამორჩეული იყო კომპანიების მხრიდან სერვისების გაციფრულების მხრივაც.

„წელი არ იყო ცუდი, მარტამდე მხოლოდ 9 თვის მონაცემები გვაქვს დადასტურებულად ცნობილი, თუმცა ჩვენ ალბათ წლიურ ჭრილში მლრდ-იან პრემიას გადავაჭარბებთ. არ მგონია არსებული ტენდენციები განსაკუთრებულად შეიცვალოს მეოთხე კვარტალში.

წამყვანი მიმართულება ჯანმრთელობის დაზღვევა, ცოტა გაუმჯობესებაა ზარალიანობის თვალსაზრისით მდგომარეობა. უფრო კარგად აკონტროლებენ კომპანიები სერვისების მიწოდებას. გაიზარდა ავტო დაზღვევაც, უკვე მეორე სახეობაა თავისი მოცულობით, თუმცა კარგად ჩანს მის მაგალითზე სად ვართ რეალურად. 1,7 მლნ მანქანაა რეგისტრირებული და 110 ათასია დაზღვეული. ზრდა არის, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენისგან შორს ვართ. ჩვენი საზოგადოება ჯერ ძალიან დაუცველია.

ჩემი აზრით სექტორმა წელს ძალიან კარგად იმუშავა, მათ შორის სერვისების დიგიტალიზაციის მხრივაც, გაზარდა და გააუმჯობესა. ადამიანები შეეჩვივნენ ონლაინ სერვისების მიღებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მომავალში ველით მნიშვნელოვან გარღვევებს, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან.“ - განაცხადა "სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა, რომელთა რაოდენობა საქართველოში მიმდინარე მდგომარეობით 18-ია, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 190,9 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს მილიარდ 314,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს.

აღნიშნულ მონაცემებს თუ გასული წლის 9 თვეს შევადარებთ, შემდეგი სურათია, 2022 წელს პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პრემია 704.5 მილიონი ლარი იყო, აქ ზრდა 113.5 მილიონი ლარია. სადაზღვევო მოგება გასულ წელს 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 34,9 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება, კერძოდ 33.7 მილიონი ლარი და წმინდა მოგების ნაწილში 28.6 მილიონი ლარი.

ტრადიციულად ყველაზე მეტი პრემია კომპანიებმა სამედიცინო დაზღვევის სახეობებიდან მოიზიდეს, 353,9 მლნ. ლარის ოდენობით, შემდეგ მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია, 153,4 მლნ. ლარი და ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია, რომლის მოცულობაც 96,4 მლნ. ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები