მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლიურად დაახლოებით 120 ტონა თაფლის ექსპორტზეა საუბარი" - რას გეგმავს "ჰობი"?

ჰობი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბაქოში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2025“ საქართველოდან შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობიც“. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მიხეილ ჭიღლაძე BM.GE-სთან შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ გამოფენამ მათ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, რომ ახალი ბაზრები დაეინტერესებინა.

მისი თქმით, „ჰობის“ მიმართ ინტერესი აზერბაიჯანულმა მხარემ გამოხატა, რომელიც ცოტა ხსნის წინ მეურნეობასაც ესტუმრა და სამომავლო, საექსპორტო გეგმები განიხილა.

„ინტერესი აშკარა იყო. აზერბაიჯანიდან ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელი, რომელიც 50-ზე მეტ ჰიპერმარკეტს აერთიანებს და ბაქოში სარესტორნო ბიზნესის თითქმის ნახევარს ფლობს, უკვე ეწვია ჩვენს საწარმოს. მათთან დეტალურად განვიხილეთ საექსპორტო პირობები და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. საუბარია თაფლის ექსპორტზე როგორც აზერბაიჯანში, ასევე გალფის ქვეყნებში, სადაც ამ კომპანიას ძლიერი კავშირები აქვს“, – ამბობს ჭიღლაძე.

მისივე ცნობით, აზერბაიჯანის ბაზარზე „ჰობის“ თაფლი ქსელურ ჰიპერმარკეტებსა და სარესტორნო სივრცეებში შევა, ხოლო გალფის ბაზარზე სასაჩუქრე შეფუთვა და ქსელურ მარკეტებში შესვლაა დაგეგმილი. ის დასძენს, რომ აღნიშნული პარტნიორები ზაფხულში კიდევ გეგმავენ უფრო დიდი ჯგუფით ჩამოსვლას და კომპანიის მეურნეობაზე სარეკლამო რგოლების მომზადებას.

„შევჯერდით, რომ ისინი აგვისტოში კიდევ ჩამოვლენ, თუმცა დიდი ჯგუფით, რომელსაც იმერეთისა და რაჭის მაღალმთიან სოფლებში წავიყვანთ, სადაც ჩვენი სკებია განთავსებული. იქ აპირებენ, რომ მეურნეობა დრონებით გადაიღონ და გეგმავენ სარეკლამო რგოლების მომზადებას. ამ პროცესში უკვე ფასებზე ვსაუბრობთ. წლიურად დაახლოებით 120 ტონა თაფლის ექსპორტზეა საუბარი. თვითონ ბევრად მეტი სურდათ, თუმცა საწყის ეტაპზე მოცულობები მე შევზღუდე. მათ შევპირდი, რომ ხარისხის შეუცვლელად წლიურად 30%-ით გავზრდიდი წარმოებას. ახლა კი, ვვარაუდობთ რომ ჩვენი თაფლი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ბაზარზე გავა“,- თქვა მან.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "ჰობი" საკმაოდ დიდ წარმოებას ფლობს. თავდაპირველად, კომპანია წლიურად 10 ტონა თაფლს აწარმოებდა, თუმცა გასულ წელს, მათ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე 60 ტონა თაფლი გაყიდეს და ექსპორტზე აშშ-სა და იაპონიაში გავიდნენ.

„რა თქმა უნდა, ამხელა მოცულობების საკუთარი სკით უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება და ფერმერები გვყავს დაპარტნიორებული. კომპანიის ქვეშ, დაახლოებით 1200-მდე სკა გვაქვს და მეფუტკრეებთან მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაცია. ჩვენ მათ ინფორმირებასაც უზრუნველვყოფთ.

ექსპორტის აწევა არ იქნება პრობლემა. მთავარია ახლა პირველი საექსპორტო შეკვეთა განხორციელდეს და საჭიროების შემთხვევაში მეურნეობის ზრდაც არ არის გამორიცხული“, - განაცხადა მიხეილ ჭიღლაძემ.

მისივე თქმით, გარდა აზერბაიჯანისა და გალფის ბაზრებისა, გამოფენაზე ინტერესი წამოვიდა ისრაელისა და ჩინეთის ბაზრიდანაც, რომლებთანაც ამ დროისათვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები