მცირე ბიზნესი "ნინო მერის" დამფუძნებელი, ნინო მერის მაძღარაშვილი BMGTV-ს ეთერში ევროკავშირის მიერ გრანტების საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისნაირი მცირე ბიზნესები სწორედ ამ გრანტების დახმარებით იზრდებიან, ვითარდებიან და ყველა საჭირო დანადგარს ყიდულობენ.
მისი შეფასებით, ევროკავშირი მისთვის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად სახელდება, რომელიც მაღალ ხარისხს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, გარემოს დაცვის სტანდარტის უმაღლეს ხარისხს გულისხმობს. ევროკავშირის ქვაკუთხედი კი თავისუფალ მოძრაობაზე დგას, რომელშიც წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი სისტემა მოქმედებს.
„ევროკავშირი ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად მესახება. ის არის წევრი ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც მაღალ ხარისხს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვის სტანდარტის უმაღლეს ხარისხს გულისხმობს. იქ მუშაობს ერთიანი საბაზრო სისტემა და საერთო აღიარება, რაც ხელს უწყობს იმას, რომ წევრ ქვეყნებს რომელიმე ბაზარზე თავისი პროდუქციის წარმოდგენა არ გაუჭირდეს.
ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაშიც დაწყებულია. აღნიშნული, ჯერ კიდევ 2016 წელს, ასოცირების ხელშეკრულებამ მოიტანა, როდესაც ჩვენ თავისუფალ ვაჭრობაში ჩავერთეთ და შემდეგ, უკვე 2017 წელს, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია მოხდა, რაზე ერთიანი ბაზარი დგას.
ყოველწლიურად €100 მლნ-ზე მეტი იხარჯება, რომ ბიზნესების ცნობიერება და პროდუქციის ხარისხი ევროკავშირში მოქმედი სტანდარტებით გაიზარდოს.
ძალიან დიდი საქმე ჩატარდა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, რადგან რეგულაციები ევროკავშირის სტანდარტებიდანაა ნათარგმნი, შემოტანილი და დანერგილი. წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი პროდუქცია როდესაც ევროპის ბაზარზე შედის, უკვე გვიადვილდება, რადგან შესაბამისობა ჩვენს ქვეყანაშიც ინერგება. სანამ ევროკავშირის ბაზარზე შევალთ, ჯერ ლაბორატორიული შემოწმება უნდა გავიაროთ და შესაბამისი სერტიფიკატი ავიღოთ. ამის შემდეგ შესაბამისობის სერტიფიკატი უნდა ავიღოთ, რაც ადგილზე, ობიექტის შემოწმებას გულისხმობს, თუ რამდენად აკმაყოფილებს საწარმო სტანდარტებს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პროდუქციის ევროკავშირში გატანა"-აცხადებს მაძღარაშვილი.
მისი თქმით, ამჟამად დანიისა და რუმინეთის ბაზარზე არიან წარმოდგენილი. თუმცა, ექსპორტი და ბაზრების დასტაბილურება არის ვრცელი პროცესი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ამჟამად ბაზრების დასტაბილურების ეტაპს გადის.