მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოშია. კულინარიული შოუებისა და ბლოგების ავტორი ქვეყანაში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება და, ერთი კვირის განმავლობაში, ადგილობრივ სამზარეულოს, ღვინოსა და სუფრის ადათ-წესებს გაეცნობა.
ჯეიმი ოლივერის პირველი გაჩერება “ბარბარესთან” აღმოჩნდა. რესტორანი, რომელმაც ბარბარე ჯორჯაძის მიერ XIX საუკუნეში დაწერილი რეცეპტების წიგნი გააცოცხლა და სტუმრებს ქართული კულტურის, გასტრონომიის და ღვინის სინთეზი შესთავაზა. რესტორნის გენერალური მენეჯერი, ანდრია ქურასბედიანი, “საქმიანი დილას” ეთერში ცნობილი შეფის მასპინძლობის გამოცდილებაზე საუბრობს და ბრიტანელი შეფისთვის გამორჩეულ კერძებს განიხილავს.
“ბარბარესთან” აქტიურად იღებს მონაწილეობას ქართული სამზარეულოს განვითარებაში და ჩვენთვის უდიდესი ღირებულება იყო, რომ ჯეიმი ოლივერი, ასეთი პიროვნება გასტრონომიაში, რომელიც მაგალითია უამრავი ადამიანისთვის, პირველი ჩვენს რესტორანს ესტუმრა. მზადების პროცესში მენიუ სამჯერ შევცვალეთ, ვიდრე საბოლოოდ შევთანხმდებოდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეზიარებინა.
აღფრთოვანდა ცინცხალა კახური ძმრით, ასევე ცეცხლზე დამწვარ, ფხლად შეკმაზულ ბადრიჯანზე, რაც ძალიან მოეწონა და უცხო იყო მისთვის. საინტერესო იყო ასევე რძეში მოყვანილი ბატკანიც, ტარხუნისა და ტყემლის სოუსით. არ უნდა გამომრჩეს თუთმაჯი, მესხური წვნიანი, რომელიც ყველასთვის ნამდვილი დედოფალი აღმოჩნდა. სუფრა გირჩის დესერტმა დააგვირგვინა, რამაც ყველაზე მეტად დააინტერესა ჯეიმი. დაინტერესდა გირჩის მურაბითაც, რადგან საკმაოდ უცხო იყო ეს გემო მისთვის. ღვინოზე აღარც ვსაუბრობ, ქვევრის თეთრი ღვინო საუცხოო აღმოჩნდა მისთვის”, - აღნიშნავს ანდრია ქურასბედიანი.
რესტორნის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ ცნობილ შეფმზარეულს, გასტრო-ტურის ფარგლებში, რესტორნების შერჩევაში თავისი გუნდი ეხმარება, წარმატებული მასპინძლობის შემთხვევაში კი ჯეიმი ოლივერი რესტორნებს საკუთარ 26 მილიონ გამომწერს უზიარებს.
“პირველად, როდესაც მისი “ფროდაქშენ” გუნდი იყო ჩვენთან, არ ვიცოდით, რომ ისინი ჯეიმი ოლივერის გუნდი იყვნენ. ისინი “ბარბარესთან” სტუმრად მოვიდნენ, დასხდნენ და ივახშმეს და შემდეგ ჯეიმის უთხრეს ჩვენს შესახებ. გვითხრეს, ჯეიმის აუცილებლად უნდა გაეზიარებინა ეს გამოცდილებაო.
ახლა გადაღება უკვე ჩანიშნული გვაქვს. არ გვინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა ამას ჩვენთვის უდიდესი ღირებულება აქვს. როდესაც შეფმზარეულს 26 მილიონი გამომწერი ჰყავს, მის სიტყვას უდიდესი ფასი აქვს და ერთი რეკომენდაციით შეუძლია, ნახევარი ევროპა შენს რესტორანში გამოგზავნოს, ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება მოხდეს? ეს დიდი შესაძლებლობაა ქართული სამზარეულოსთვის”, - აღნიშნა ანდრია ქურასბედიანმა.
რესტორანი “ბარბარესთან” პირველად 2014 წელს აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა. ამჟამად რესტორანი ლოკაციის ცვლილებასა და გაფართოებაზე ფიქრობს, თუმცა მისი კონცეფცია და მენიუ კვლავ ბარბარე ჯორჯაძის კულინარიულ წიგნს დაეფუძნება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი შეფმზარეული საქართველოს ქართული კერძების პოპულარიზაციაში დაეხმარება.
კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფმზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფმზარეულობს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.