მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცნობილია რა პირობებით ჩადო DFG-იმ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში $5 მილიონი

მაკა ასათიანი ირაკლი კობახიძე

ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შენდება - პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება $110 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ქართული კომერციული ბანკების ერთობლივი სინდიცირებული სესხით შენდება. ამ სესხში მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "საქართველოს განვითარების ფონდი" (DFG), რომელიც ყოფილი "საპარტნიორო ფონდია".

ფონდის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კრედიტის ხანგრძლივობა 7 წელს შეადგენს:

"2024 წელს ფონდმა გასცა 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი 8.69% პლუს 6 თვიანი SOFR საპროცენტო განაკვეთით და 84 თვის ვადით,"- ნათქვამია DFG-ის ფინანსურ ანგარიშში.

ქარხნის პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენ მაკა ასათიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. მისი განცხადებით, 2025 წლის გაზაფხულზე ქარხანა პირველი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.

პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რაც საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას განაპირობებს.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარია და უკვე 2026 წლისთვის დაგეგმილია რომ მისი წლიური წარმადობა წელიწადში 2.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება.

DFG-ის $5-მილიონიანი დაფინანსების შესახებ:

ეს "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) ყველაზე მსხვილი საინვესტიციო დაფინანსებაა, რაც ფონდმა მისი სტრუქტურული რეფორმირების შემდეგ განახორციელა. შეგახსენებთ, რომ ფონდის სტრუქტურა შეიცვალა და მას სრულად გამოეყო სახელმწიფო სისტემური კომპანიები - "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "ესკო" და "სახელმწიფო ელექტროსისტემა". ასევე შეიცვალა ფონდის მმართველობითი სისტემაც. თუმცა, ამის მიუხედავად, ფონდთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კვლავ ძალაშია მათი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფონდი არ შევიდოდა ახალი პროექტების დაფინანსებაში, რაც ფისკალური რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. თუმცა, თავად ფონდი IMF-ის ამ შეფასებას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მათ რეფორმირების პროცესი გაიარეს და ახალ პროექტებში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა:

ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

მშენებლობის პროცესი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები