მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოდნა ზრდის საზღვრებს - გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

Chevening
03.10.24 15:26
635
სტატიაში საუბარია:

“არასდროს გადადოთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, აქციეთ თქვენი მიზნები რეალობად. ნუ დაელოდებით შესაძლებლობებს და თავად შექმენით ისინი”, - ასე იწყება საუბარი ნანა გელაშვილთან, CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთან.

CHEVENING-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალებს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ცოდნის მისაღებად უკვე 31 სტიპენდიატი გაემგზავრა.

მათ შორის ერთ-ერთი ნანა გელაშვილია, რომელიც სწავლას ლიდსის უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე აგრძელებს. საკუთარი გამოცდილების შესახებ ის ინტერვიუში გვესაუბრება:

რატომ დიდი ბრიტანეთი?

როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი მუდმივად ვცდილობ განვვითარდე, ჩამოვყალიბდე როგორც პროფესიონალი, ჩემი ცოდნა და უნარები უფრო გავაღრმაო, რათა მიღებული გამოცდილება ახალ თაობას გავუზიარო. ამისათვის დიდ ბრიტანეთში სწავლას ყოველთვის განვიხილავდი, როგორც ჩემს შორეულ მიზანს, რომელიც წელს რეალობად ვაქციე.

დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოს საგანმანათლებლო სფეროც მუდმივი განვითარების პროცესშია, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, რაც კიდევ უფრო მეტ რესურსს მოითხოვს. ამდენად, დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ჩემს სამშობლოში ახალი მიდგომების და პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით.

როგორია CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესი?

CHEVENING-ის აპლიკაცია სამი ეტაპისგან შედგება - ესეების დამუშავება, უნივერსიტეტების შერჩევა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილის მიღება, ბოლოს კი გასაუბრება. პროცესი საკმაოდ შრომატევადია და აპლიკანტისგან დიდ ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით. მონაწილეთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წელს 67,245 აპლიკანტმა სცადა აღნიშნული სტიპენდიის მოპოვება, შეირჩა დაახლოებით 700, გამარჯვებულთა შორის კი ვარ მეც.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ეძებენ განათლების შესაძლებლობებს?

წარმატებისკენ მიმავალი გზა მიზნით იწყება, მისი ასრულება კი მხოლოდ გამბედაობასა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას შეუძლია.

ამასთან, იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი განვითარება პროფესიული თვალსაზრისით. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ დაბრკოლება აქციეთ შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ.

თქვენი გამოცდილებით, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაზეც აპლიკანტმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება?

CHEVENING-ის კონკურსში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, თავიდანვე სწორად დაისახონ მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ და შეეცადონ მაქსიმალური სიზუსტით ჩამოაყალიბონ რეალური სამომავლო ხედვები.

რა იყო პირველი შეგრძნება, რომელიც დაგეუფლათ, როდესაც მიიღეთ მეილი თქვენი გამარჯვების შესახებ?

რთულია სიტყვებით გადმოსცე ის გრძნობა და ემოცია როდესაც იგებ რომ გამარჯვებული ხარ, იმ მომენტში ჩემი მოსწავლეების გარემოცვაში ვიყავი, ეს იყო უდიდესი სიხარული. ჩემი მიზანდასახულობა, საქმის ერთგულება და მონდომება ხშირად სამაგალითო ხდება ჩემი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი მიზნების მიღწევა.

რა არის თქვენი სამომავლო მიზნები CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში და მის შემდეგ?

CHEVENING-ის პროგრამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იქნება გამოწვევებიც, 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების პროგრამის ფარგლებში ყოფნის დროს გავიზარდე, როგორც პროფესიულად ასევე პიროვნულად, ვფიქრობ, რომ ბარიერებს ადვილად გადავლახავ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კვლავ საგანმანათლებლო სექტორში ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას, ჩემი საყვარელი პროფესიით. ვაპირებ რომ დიდი დრო დავუთმო ახალგაზრდებთან ურთიერთობას, დავეხმარო მათ და მივცე მოტივაცია, სწორი სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებაში. განათლებული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის განვითარების საწინდარია და თითოეული ადამიანის მიზანი უნდა იყოს სწორედ ის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ CHEVENING-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები