საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც 2026 წლის 27 იანვრიდან შევიდა ძალაში, ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სახელმწიფო მესაკუთრეებს ზარალს ნაწილობრივ აუნაზღაურებს.
დადგენილების მიხედვით, კრიტერიუმები შემდეგია:
- მსხვილფეხა საქონელი: კომპენსაცია შეადგენს ცხოველის წონის 60%-ის ნამრავლს ხორცის საბაზრო ფასზე (საქსტატის მონაცემების მიხედვით „ფასი ფერმის კართან“).
- ადგილობრივი ჯიშები და წვრილფეხა საქონელი: ანაზღაურდება წონის 40%-ის შესაბამისი საბაზრო ღირებულება.
თანხის მისაღებად აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება:
- ცოფის დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიულად;
- ცხოველის სადგომი და მფლობელი რეგისტრირებული უნდა იყოს ერთიან ბაზაში;
- ცხოველი იდენტიფიცირებული (დაჩიპული/დაბირკული) უნდა იყოს შემთხვევამდე მინიმუმ 15 დღით ადრე.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ მეპატრონე უარს იტყვის ცხოველთა გეგმურ ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი ცოფით დაავადდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან საქართველოში უკვე მოქმედებს მსგავსი მექანიზმი ჯილეხით (ციმბირის წყლული) მკვდარი ცხოველებისთვის. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, პირველი ასეთი კომპენსაციები გასული წლის აგვისტოში გასცა.
დადგენილებაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ფერმერების სტიმულირება, რათა მათ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაავადების სავარაუდო შემთხვევების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლსა და ცოფის პრევენციას.




























