მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წონის კლების მედიკამენტები ძუძუს კიბოს რისკს 30%-ით ამცირებს - კვლევები

glp

ექიმების განცხადებით, წონის კლების მედიკამენტებს შეუძლიათ, სიმსივნის განვითარების ან მისგან გარდაცვალების რისკი 30%-ით შეამციროს - ამის შესახებ The Guardian-ი სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ამ პრეპარატებს სიმსუქნის სამკურნალოდ მილიონობით ადამიანი იყენებს. მსოფლიოს უდიდეს ონკოლოგიურ კონფერენციაზე წარდგენილი კვლევების სერია კი მიუთითებს, რომ ეს მედიკამენტები სიმსივნის პრევენციასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

ერთ-ერთმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, ვინც GLP-1 ჯგუფის მედიკამენტებს იღებდა, 30%-ით ნაკლები ალბათობა ჰქონდათ ძუძუს კიბოს (მსოფლიოში დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა) განვითარების, ვიდრე მათ, ვინც ამ წამლებს არ იყენებდა.

მეორე კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს სტანდარტულ მკურნალობაში წონის დასაკლები მედიკამენტების ჩართვამ პაციენტების გარდაცვალების რისკი 30%-ით შეამცირა.

მესამე კვლევის თანახმად, ძუძუს, ფილტვის, ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც წონის დასაკლებ პრეპარატებს იღებდნენ, დაავადების გავრცელების (მეტასტაზირების) რისკი 50%-მდე შემცირდა.

ეს მიგნებები ჩიკაგოში, ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ შეხვედრაზე გასაჯაროვდა.

GLP-1 მედიკამენტები ორგანიზმში არსებულ ბუნებრივ ჰორმონს ბაძავენ, რომელიც სისხლში შაქრის დონისა და მადის რეგულირებას უწყობს ხელს. თავდაპირველად ისინი მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა ახლა წონის მართვისთვისაც ფართოდ გამოიყენება.

პირველმა კვლევამ, რომელიც 45-დან 80 წლამდე ასაკის 110 000 ქალის რეტროსპექტიულ ანალიზს წარმოადგენს, აჩვენა, რომ GLP-1-ის მიმღებ პირებს ძუძუს კიბოს განვითარების 30%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ.

შედეგები პენსილვანიის უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორმა და Abramson Cancer Center-ის რადიოლოგმა, დოქტორმა ელიზაბეტ მაკდონალდმა წარადგინა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა და საბოლოოდ არ ადასტურებს GLP-1 მედიკამენტებსა და ძუძუს კიბოს შემცირებულ სიხშირეს შორის კავშირს, ის ამყარებს იმ მზარდ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, ეს პრეპარატები კიბოს პრევენციის პოტენციურ ინსტრუმენტად ღირს, რომ შევისწავლოთ.

კიბოს კვლევის პერსპექტივიდან GLP-1 მედიკამენტები საინტერესოა, რადგან ისინი არ შექმნილა კიბოს თერაპიისთვის, მაგრამ მოქმედებენ კიბოს განვითარებასთან დაკავშირებულ ბევრ სხვადასხვა სამიზნესა და გზაზე", - განაცხადა მან.

ცნობილია, რომ GLP-1 მედიკამენტები წონის კლებაში მაღალეფექტიანია. ჯანსაღი წონის შენარჩუნება კი დიდი ხანია ძუძუს კიბოს პრევენციის ერთ-ერთ გზად მიიჩნევა (ჭარბი წონა და სიმსუქნე, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, ძუძუს კიბოს რისკფაქტორია). გარდა ამისა, მკვლევრები ეჭვობენ, რომ ძუძუს კიბოს განვითარებაში როლს დაბალი ხარისხის ანთება ასრულებს. GLP-1 ამცირებს სისტემურ ანთებას და აქვს სხვა მეტაბოლური და ეპიგენეტიკური ეფექტები, რამაც, შეიძლება, სიმსივნის ზრდა შეაფერხოს.

მეორე კვლევა, რომელშიც ძუძუს კიბოს 27 000 პაციენტი მონაწილეობდა, იტალიაში, ქალაქ მელდოლაში მდებარე კიბოს ცენტრმა (IRCCS Istituto Romagnolo) ჩაატარა. სტანდარტულ მკურნალობაში წონის დასაკლები წამლების დამატებამ გარდაცვალების რისკი 30%-ით შეამცირა.

მესამე კვლევამ, რომელსაც კლივლენდის კლინიკა (Cleveland Clinic) ხელმძღვანელობდა და მასში 12 000 ონკოლოგიური პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ფილტვის, ძუძუს, ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც წონის დასაკლებ წამლებს იღებდნენ, დაავადების მე-4 სტადიის განვითარების ალბათობა 38%-დან 50%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები