"ცოტა გავაბრაზებ სამინისტროს და ვიტყვი, რომ მან უნდა ისწავლოს სადაზღვევო კომპანიებისგან", - ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტმა სანდრო ურუშაძემ გადაცემა “ბიზნეს კვირეულში” “ედვაიზერის” რუბრიკაში სტუმრობისას პირველად ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ოჯახის ექიმის როლზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სისტემაში მომუშავე ოჯახის ექიმები უფრო რთულ პირობებში არიან, ვიდრე კერძო სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმები.
“შეხედეთ ოჯახის ექიმს, რომელიც მუშაობს სადაზღვევო კომპანიაში, როგორ ასრულებენ ისინი ე.წ. ჭიშკრის, გეითქიპერის როლს. პაციენტის პატივისცემის, ყველა კლინიკური და ეთიკური ნორმის დაცვით, ისინი ცდილობენ ზედმეტი ხარჯი, ზედმეტი დანიშნულება, მაქსიმალურად აარიდონ პაციენტსაც და აარიდონ დამფინანსებელსაც, და საბოლოო ჯამში, მდგომარეობის გაუარესების პრევენცია მოახდინონ, რათა ჰოსპიტალიზაციამდე არ მივიდეს პაციენტო. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ.
რომ შევადაროთ ეს არასადაზღვევო სისტემაში მოქმედ ოჯახის ექიმებს... უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენი მედიცინის საერთო პრობლემაა, რომ მოგებაზე ორიენტირებულმა მედიცინამ, სამწუხაროდ, მეორე რიგში დააყენა პროფესიული ეთიკა და, სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პირველი, რაზეც ჩვენ უნდა აქცენტი გავაკეთოთ, უნდა მოვახერხოთ და პირველად ჯანდაცვას უნდა დავეხმაროთ, დაუბრუნდეს მისი ფუნქცია. მისი ფუნქცია კი არის პაციენტის გვერდზე იდგეს.
მეორე - ჩემი წარმოდგენით, დღეს, სადაზღვევო კომპანიის სისტემაში მყოფი ოჯახის ექიმების ანაზღაურება არ არის პატარა, ის არის სამართლიანი და კარგი ანაზღაურება, თავისი ბონუსების სისტემით. რომელმა კომპანიამაც მოახერხა, რომ სამართლიანი ანაზღაურება და ღირსეული ხელფასი დაენიშნა ოჯახის ექიმისთვის, ის ოჯახის ექიმები დღეს გამორჩეულები არიან პროფესიული თვალსაზრისით და იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი პაციენტი არის სწორედ მათ იმედზე.
ჩემი აზრით, სამწუხაროდ, რაც უფრო გადავდივართ სახელმწიფო სისტემაში, ვხედავთ, რომ ექიმები სხვა პირობებში არიან ჩაყენებული. მაგალითად, ოჯახის ექიმები, ვინც დღეს მუშაობენ, იგივე სოფლად, იძულებულები არიან, რომ კიდევ რამდენიმე ადგილას იმუშაონ. ვერ ნახავთ ექიმს, რომელიც მხოლოდ საოჯახო მედიცინით არის დაკავებული, იძულებულები არიან, მათი შემოსავლიდან გამომდინარე, გამოიყენონ ის წნეხი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ... თუნდაც ის ცდუნებები, რომელიც არის დიაგნოსტიკური ცენტრებიდან, ან საავადმყოფოებიდან, რომ იქ გააგზავნონ პაციენტი, ამისგან, სამწუხაროდ, ოჯახის სისტემა, ოჯახის ექიმების ინსტიტუტი, სადაზღვევო სფეროს გარეთ და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, დაცული არ არის", - განაცხადა სანდრო ურუშაძემ და დასძინა, რომ არ არის სირცხვილი, რომ "ვისწავლოთ სადაზღვევო კომპანიებისგან”.




























