მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცქრიალა ღვინის ბრენდი "ვერვე" ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს - "10 თვეში დაახლოებით 30 000 ბოთლი ვაწარმოეთ"

VERVE

ბაზარზე 10 თვის წინ გამოჩენილი ქართული ცქრიალა ღვინის მწარმოებელი ბრენდი „ვერვე წარმოების გაფართოებას, ახალი არომატების დამატებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა, ელენე კუხალაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა და დასძინა, რომ მოკლე დროში მათმა პროდუქციამ მომხმარებლის მხრიდან მაღალი ინტერესი დაიმსახურა.

მისი ინფორმაციით, სანამ ბრენდი გამოჩნდებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა და ფიქრი იმის შესახებ, თუ რა ტიპის პროდუქტი უნდა შეექმნათ, რომელიც თავის ნიშას დაიკავებდა ბაზარზე. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბაზარს აკლდა მრავალფეროვანი, არომატიზებული ცქრიალა ღვინოები – ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებსაც მოეწონებოდა.

„ჩვენ ვაწარმოებთ ოთხი სახეობის არომატიზებულ ცქრიალა სასმელს: კოწახურის, ატმის, ფეიხოას არომატით და კლასიკურს, ანუ არომატის გარეშე. ყველა ეს სასმელი ნახევრად ტკბილია და განსაკუთრებით ქალებისთვის უფრო გემრიელად მისართმევი. წარმოების პროცესში ჩვენ შევარჩიეთ არომატები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყურება და მაქსიმალურად ჰარმონიულად ავითარებს გემოს“, - ამბობს კუხალაშვილი.

ბრენდის დამფუძნებლის განმარტებით, „ვერვე“ ამჟამად მცირე, მაგრამ მზარდ წარმოებას წარმოადგენს – 10 თვის განმავლობაში დაახლოებით 20–30 ათასი ბოთლია წარმოებული. წარმოება ხდება ქართულ საწარმოებთან თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას.

„თავდაპირველად ბაზარზე ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, თუმცა როდესაც მომხმარებელმა პროდუქტი დააგემოვნა, დაინახა, რომ ეს ინოვაციური, მაღალი ხარისხის სასმელია. მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, შესაბამისად, იზრდება მიწოდებაც“, - განმარტავს მან.

“8 000 მოსავლის” ვებგვერდზე, “ვერვეს” ცქრიალა ღვინოების დაახლოებით 25 ლარი ღირს.

კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ საექსპორტო მიმართულებითაც, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: „ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია მივაწოდოთ მომხმარებელს და შევქმნათ ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე ინოვაციით გამოირჩევა. ასევე, დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ არომატებსა და პროდუქტებს შევთავაზებთ“, – დასძენს ბრენდის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები