თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ორშაბათიდან აუდიტორიებში შესვლაზე უარს ამბობენ და გაფიცვისკენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოუწოდებენ. ასე გამოხატავენ სტუდენტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ პროტესტს. ისინი განცხადებას ავრცელებს, სადაც პროფესორ მასწავლებლებსაც გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, ორშაბათს დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ "ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას."
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გაცნობოთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გადაწყვეტილების შესახებ.
თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციების არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტული და უმძიმესი ხასიათი მიიღო. ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერები საკუთარ სახლებთან უსაფრდებიან, თავს ესხმიან და ასახიჩრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ტერორს უწყობენ ყველას, ვინ რეჟიმს, რუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება. დღეს უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენს უკან დგას ათასობით სტუდენტი არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე.
მივმართავთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში. გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას. საქართველო არ გახდება რუსეთი და ამის გარანტორები ვიქნებით ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა. წინ ევროპისკენ! ძალა ერთობაშია“, - აცხადებენ თსუ-ს სტუდენტები.