მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ: სტუდენტების ნაწილი გაცვლით პროგრამებში მოგებული სტიპენდიით შემოდგომაზე ისარგებლებს

5e9abfaf3c37e
ანი ციხისთავი
18.04.20 13:20
1085
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით საშუალოდ 250 სტუდენტს აგზავნის, ხოლო თსუ-ში 100-მდე უცხოელი სტუდენტი ჩამოდის", - ამის შესახებ BM.GE-ს თსუ-ს PR მენეჯერმა ნანა მამაგულიშვილმა განუცხადა.

"მობილობით გათვალისწინებული სტუდენტების ნაწილი გაემგზავრა პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს კომუნიკაცია ჰქონდა თითოეულ მათგანთან. მათ გაეწიათ კონსულტაცია სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით, ხოლო უკან დაბრუნების მსურველებს დახმარება მთავრობის მეშვეობით აღმოვუჩინეთ", - აღნიშნავს მამაგულიშვილი.

მისივე თქმით, დღეს არსებულმა ვითარებამ სტუდენტების ნაწილს გაცვლითი პროგრამის კონკურსში მოგებული სტიპენდიის გამოყენებაში ხელი შეუშალა.

"იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებმაც ვერ მოასწრეს გამგზავრება, უცხოური უნივერსიტეტები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით ერთიანი წესი არ არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა მოგებული სტიპენდიით შემოდგომის სემესტრში ისარგებლებს", - აცხადებს თსუ-ს PR მენეჯერი.

ნანა მამაგულიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ის სტუდენტები, რომლებმაც გამგზავრება მოახერხეს, თუმცა საკუთარი ნებით გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება, სტიპენდიის გამოყენებას მომავალში ვეღარ შეძლებენ.

თსუ-ს PR მენეჯერი აცხადებს, რომ გაზაფხულის სემესტრისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის მონაწილე უცხოელი სტუდენტებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც დისტანციური სწავლების რეჟიმში აქტიურად არიან ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები