„ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჯარიმო სანქციები წესდება.
კერძოდ, "ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიღების შედეგად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დარღვევების შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ორგანიზაციებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 5 000-დან 20 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
დგინდება ასევე პასუხისმგებლობა ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემისთვის, რაც 1000-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. 1000-დან 3000-ლარამდე ჯარიმას დაექვემდებარება სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობა კი 3000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. როგორც ბიზნესი ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციები გეგმას ვერ ასრულებენ და შეგროვება უჭირთ „შავი ბაზარია“. მათი თქმით, ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორიც ზეთი და აკუმულატორებია, ბევრი ფიზიკური პირი სამართლებრივი და შეგროვების პრინციპის დარღვევით აგროვებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, სამინისტროსთვის ეს ინფორმაცია ცნობილია და წარმოდგენილი კანონპროექტი მათ შორის არაუფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
სტუმრები: ვანო მთვრალაშვილი - "ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი გულიაშვილი - "საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის" თავმჯდომარე;