მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალდიდობა, გვალვა - UNESCO-ს ძეგლთა უმრავლესობა წყლის რესურსთან დაკავშირებული რისკების ქვეშაა

აკროპოლისი

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა 73% წყალთან დაკავშირებული კატასტროფების რისკის ქვეშ დგანან - ამის შესახებ მსოფლიო რესურსების ინსტიტუტისა (WRI) და UNESCO-ს ერთობლივ კვლევაშია საუბარი.

ტაჯ-მაჰალიდან აკროპოლისამდე თუ სანტა მარლა დე გვადალუპეს სამეფო მონასტრამდე, 1100-ზე მეტი ძეგლი წყალთან დაკავშირებული ოთხი პრობლემიდან ერთ-ერთის წინაშე დგას, ესენია: გვალვა, წყლის დეფიციტი, მდინარეების ადიდება და ზღვის დონის მატება.

“აღმოვაჩინეთ, რომ ძეგლთა 21% ორივე გამოწვევის წინაშე დგას. როგორც წყლის სიმცირის - იქნება ეს გვალვა თუ სტრესი, ასევე წყალდიდობის. განსაკუთრებით რთულდება ამ ტერიტორიებზე წყლის რესურსების მართვა, როდესაც ორივე გამოწვევასთან გამკლავება გიწევს”, - განაცხადა WRI-ის ანალიტიკოსმა Euronews-თან.

კვლევის თანახმად, წყლის რესურსთან დაკავშირებული რისკები განსაკუთრებით მწვავეა ისეთ ცხელ წერტილებში, სადაც წყლის ციკლის ცვლილება ან მოთხოვნის ზრდა, სხვა გარემოსდაცვით გამოწვევებს ერთვის. მხოლოდ ევროკავშირში, UNESCO-ს ძეგლთა 65% ჩამოთვლილ რისკთაგან ერთ-ერთის წინაშეა, მათი უმრავლესობა კი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ესპანეთსა და საბერძნეთში მდებარეობს. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი აკროპოლისია ათენში, რომელიც როგორც დატბორვის, ასევე ექსტრემალური სიცხის წინაშე დგას - გასული წლის განმავლობაში ტურისტული ღირსშესანიშნაობა დროებით რამდენჯერმე დაიკეტა. გამოწვევასთან გასამკლავებლად აკროპოლისში დამატებით სადრენაჟო სისტემები მოაწყვეს, რაც წყალდიდობის პრობლემას ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება. სხვა ძეგლების შემთხვევაში კი, როგორც რესურსების, ასევე მზაობის არარსებობის ფონზე, მსგავსი ზომების გატარება შედარებით რთულია. მაგალითად, დერბის ინდუსტრიულ მუზეუმში, სადაც UNESCO-ს მიერ აღიარებული აბრეშუმის ქარხანა მდებარეობს, 2023 წელს წყალდიდობით გამოწვეული ზიანის გამოსასწორებლად რამდენიმე ასეული ათასი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა.

რეკომენდაციის სახით, WRI ანგარიში აღნიშნავს, რომ გამოსავალი ბუნებრივ გადაწყვეტილებებშია. მაგალითად, ჭარბი წყლის შესაგროვებლად ჭაობების მოწყობაში, კონსერვაციის ეროვნული პოლიტიკის გატარებაში და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები