მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალქვეშა ელექტრო კაბელის სიმძლავრე 1300 მეგავატი იქნება - შესაძლებელია თუ არა სიმძლავრის გაზრდა?

წყალქვეშა კაბელი

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის სიმძლავრე სავარაუდოდ 1300 მეგავატი იქნება - ამის შესახებ BMG -ის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" განუცხადეს.

უწყების წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ჩატარებული კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა 1000-1300-1500 მგვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობის პერსპექტივა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ტექნიკურად და ეკონომიკურად ოპტიმალურად იქნა მიჩნეული 1300 მგვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობა.

„შესრულებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა არსებული ელექტროენერგეტიკული ქსელის შესაძლებლობები, საქართველოს ტერიტორიაზე წყალქვეშა კაბელის და საჭირო ქვესადგურის განთავსების გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ, შესწავლილი იქნა 1000-1300-1500 მგვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობა. კვლევის თანახმად, ტექნიკურად და ეკონომიკურად ოპტიმალურად იქნა მიჩნეული 1300 მგვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობა“, - აცხადებს უწყება.

რაც შეეხება სიმძლავრის გაზრდას. ამ მიმართულებით დამატებითი შესწავლა ხდება. 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში დაწყებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც შეისწავლის კასპიის ზღვიდან, საქართველოს და შავი ზღვის გავლით, ევროპის მიმართულებით დამატებითი სიმძლავრის გადაცემის შესაძლებლობებს.

„სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ პროექტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 3,2 – 3,6 მილიარდ ევროს ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისთვის ასევე საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება 2025-2026 წლებში, კერძოდ: შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევა, გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები