მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალქვეშა კაბელის განხორციელებისთვის ოთხი ქვეყანა ერთობლივ კომპანიას აფუძნებს

ეკონომიკის სამინისტრო

„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ - ის ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე. მიმდინარე მინისტერიალზე ასევე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა პრეზენტაცია გამართა მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისკენ.

„ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ზოგადად ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ამასთან, მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტებს - ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. ამასთან, მემორანდუმის გაფორმებისას ითქვა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს მწვანე ენერგიას მიაწვდიდა, თუმცა არსებული მდგომარეობით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამომუშავება 95%-ით საწვავ რესურსებზე არის დამყარებული, ხოლო მზის და ქარის ენერგიის ათვისებას აზერბაიჯანი მხოლოდ ახლა იწყებს. ასევე, მკაფიოდ განსაზღვრული არაა, როდის შევა ამ მიმართულებით ახალი სიმძლავრეები ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები