იმერეთის რეგიონში სტიქიური მოვლენები გრძელდება. გამოცემა „ინფო იმერეთმა“ გაავრცელა ფოტომასალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან, სადაც სოფელ ოფურჩხეთში საავტომობილო გზის საფარის დაზიანება ჩანს.
„სტიქიის ახალი კვალი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთშიც საავტომობილო გზა დაიბზარა“, - წერს „ინფო იმერეთი“.
ეს იმერეთის რეგიონში ბოლო დღეებში სტიქიის განვითარების პირველი შემთხვევა არ არის. ოფურჩხეთში გზის დაზიანებამდე, მძიმე ვითარება შეიქმნა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელიც ოფურჩხეთიდან 27 კილომეტრითაა დაშორებული. 12 მარტს, სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მასშტაბური მეწყრული პროცესები განვითარდა. სტიქიამ დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
მეწყრული პროცესის გააქტიურების შედეგად, საფრთხის ზონაში აღმოჩნდა 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ოფურჩხეთში გზის დაზიანება რეგიონში მიმდინარე საერთო გეოლოგიურ პროცესებს.
bm.ge გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ადგილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებული არ არის და პროცესს მათი თანამშრომლები აკვირდებიან.
bm.ge მომდევნო სამუშაო კვირის დაწყებისთანავე დაუკავშირდება გარემოს ეროვნულ სააგენტოს. მასალა განახლდება ინფორმაციის მიღების შემთხვევაში.



























