მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყლის პლასტიკის ბოთლების მინით ჩანაცვლება სახელმწიფო უწყებებს ხარჯს 40-50%-ით გაუზრდის - სოლომონ პავლიაშვილი

სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მთავრობა სურსათთან შემხებლობაში პლასტიკის გამოყენების შემცირებაზე მუშაობს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, ბიზნესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება - პირველ ეტაპზე მოხდა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის რეგულირება, მეორე ეტაპი კი უკვე პლასტიკის ბოთლებს შეეხება. ის განმარტავს, რომ საკითზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და შეზღუდვა გარკვეულ სეგმენტებში იქნება, რაც პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვები.

BMG დაინტერესდა, გაზრდის თუ არა ეს რეგულაცია და პლასტიკის ბოთლების მინით ჩანაცვლება ხარჯებს ბიზნესისთვის, რაც შესაძლოა მომხმარებლებზეც აისახოს, რასაც მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ეს გაძვირებასაც გამოიწვევს, მაგრამ ძალიან რთულია ახლა აქედან ვილაპარაკოთ, ვინაიდან ქვეყანაში არის თავისუფალი ფასწარმოქმნა, თავისუფალი კონკურენცია, მე მჯერა, რომ ბევრი ოპერატორი გაჩნდება, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს. ამიტომ ასე დირექტიულად ფასების გამოცხადებისგან მე თავს შევიკავებ, თუმცა რა თქმა უნდა, გაძვირება მოჰყვება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისაც უნდა იყოს და ყველამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ, როცა ვლაპარაკობთ მწვანე ეკონომიკაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე, სხვანაირად არ გამოვა, თუ ეს ბიზნესმა არ გაითავისა. სექტორებში შესვლა ძალიან სათუთია, მაგრამ სახელმწიფო შეეცდება, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ამ პროექტს",- ამბობს მინისტრის მოადგილე.

მან დასძინა, რომ ცვლილება შესაბამის სახელმწიფო შესყიდვებსაც გააძვირებს, სავარაუდოდ, 40-50%-ით.

"ვფიქრობთ, შეიძლება 40-50%-ით გაიზარდოს. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის სსიპ-ებთან ერთად მოიხმარს დაახლოებით 70,000 ბოთლს. ამიტომ ამის ჩანაცვლება მინის ჭურჭლით არ უნდა იყოს პრობლემა და ეს გასაკეთებელი გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფომ აჩვენოს მაგალითი. ჩვენ კი არ მოვიფიქრეთ ეს მოდელები, ეს არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში",- აცხადებს ის.

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა 2026 წლიდან ამოქმედდება - დადგენილება მიღებულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები