2024 წლის 1-ელი იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება. წყალომომარაგების ტარიფი კი კომერციული მომხმარებლისთვის იზრდება. კერძოდ, თბილისსა და მცხეთაში ბიზნესებისთვის ტარიფი 2,30 ლარით, რუსთავში კი 2,80 ლარით გაიზრდება.
მცირე და საშუალო ბიზნესს ასოციაციის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებაში ძირითადად ელექტროენერგიას გამოიყენებენ, შეღავათია, თუმცა წყალმომარაგების ტარიფის ზრდა საკმაო წნეხი იქნება მათთვის, ვინც წარმოებაში წყალს მოიხმარს.
„ეს ცალსახად გამოიწვევს თვითღირებულების გაზრდას მათთვის, ვინც სასმელს აწარმოებს და წარმოებაში წყალს იყენებს. რაც შეეხება ელექტროენერგიის გაიაფებას, მაგალითად საცხობებისთვის, ვინც ელექტროენერგიას ინტენსიურად იყენებს, ეს შეღავათი იქნება. მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტის თვითღირებულება უფრო შემცირდება და უფრო კონკურენტუნარიანი გახდებიან ბაზარზე“, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.
სემეკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდება. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
წყალომომარაგების ტარიფი იზრდება GWP-ის კომერციული მომხმარებლებისთვის. კერძოდ, თბილისსა და მცხეთაში ბიზნესებისთვის ტარიფი 2,30 ლარით, რუსთავში კი 2,80 ლარით გაიზრდება. წყალმომარაგების ახალი ტარიფები შემდეგი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.