ნიუ-იორკი პირველი ქალაქი გახდა აშშ-ში, სადაც რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა მსგავს ობიექტებში კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა.
ნიუ-იორკის მთავრობის პოლიტიკის მიხედვით, 13 სექტემბრიდან, მოქალაქეს სულ მცირე ერთი დოზა ვაქცინა მაინც უნდა ჰქონდეს გაკეთებული, რესტორნების და სხვა გასართობი დაწესებულებების სერვისებით სარგებლობა რომ შეძლოს.
„დროა ადამიანებმა დაინახონ რომ ვაქცინაცია აუცილებელია ნორმალური, სრულყოფილი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.
“თუ აცრილი ხართ, ყველაფერი ღია იქნება თქვენთვის. თუმცა, თუ აუცრელი ხართ, სამწუხაროდ, ბევრგან შესვლა შეზღუდული იქნება თქვენთვის“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ნიუ-იორკის მოსახლეობის დაახლოებით 60% უკვე აცრილია სულ მცირე ერთი დოზით.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა და ცალკეული შტატები, ჰოსპიტლები და უნივერსიტეტები თანამშრომლებს ვაქცინაციას სთხოვენ. მაგალითად, Tyson Foods-ი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო კომპანია, რომელმაც თანამშრომლებს კოვიდ-ვაქცინაცია დაავალდებულა.