მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ადრე 500-გრამიან ხიზილალას 75 ლარად ვყიდდით, ახლა მისი ფასი 85 ლარია" - "ფრეშკა"

ხიზილალა

საქართველოში ხიზილალის მწარმოებელი კომპანია "ფრეშკა" პროდუქციაზე ფასის ზრდას ნედლეულის გაძვირებას უკავშირებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ ხორბალაძემ BM.GE-სთან განაცხადა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ხარისხიანი ქვირითის ფასი, რამაც საბოლოო პროდუქტის ღირებულებაც გაზარდა.

"ფასები ნამდვილად გაძვირებულია - 500-გრამიან ხიზილალას ადრე 75 ლარად ვყიდდით, ახლა მისი ფასი 85 ლარია. ამის მიზეზი ნედლეულის, განსაკუთრებით ხარისხიანი ქვირითის გაძვირებაა. იაფი ქვირითიც არსებობს, მაგრამ ასეთ ნედლეულზე ჩვენ არ ვმუშაობთ“, - განაცხადა ხორბალაძემ.

კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროდუქტი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, მოთხოვნა მაინც მაღალია, რაც, დამფუძნებლის შეფასებით, ხარისხიანი პროდუქციით არის განპირობებული.

რაც შეეხება ბიზნესის ფინანსურ შედეგებს, ხორბალაძე ამბობს, რომ 2025 წელი კომპანიისთვის რთული იყო: „გასული წელი ნეგატიურად შეიძლება შევაფასოთ - დაახლოებით 30%-იანი კლება გვქონდა წინა წელთან შედარებით. წლის დასაწყისში ნედლეულის დეფიციტიც იყო, ძვირად გვიწევდა ყიდვა და შესაბამისად, მარჟაც შემცირდა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ახალი წლის პერიოდში გაყიდვები გაიზარდა, ხოლო იანვრის მეორე ნახევრიდან და განსაკუთრებით თებერვლიდან, ბაზარზე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

„გაყიდვები გაზრდილი იყო, თუმცა წინა წლების ნიშნულს ბოლომდე ვერ დავუბრუნდით. 2025 წელთან შედარებით, მაინც მატება გვაქვს და ახლა ეს ტენდენცია შენარჩუნებულია“, - ამბობს ხორბალაძე.

კომპანია სეზონზე საშუალოდ 2-3 ტონა ხიზილალას აწარმოებს. დამფუძნებლის თქმით, როდესაც ბიზნესი დაიწყეს, ასეთი მასშტაბის წარმოებას არც კი ელოდნენ. მიხეილ ხორბალაძის ინფორმაციით, უცხოეთიდან ინტერესიც უკვე არსებობს, თუმცა წარმოების მოცულობა ამ ეტაპზე სტაბილურ მიწოდებას მაინც ვერ უზრუნველყოფს.

„სხვადასხვა ქვეყნიდან გვიკავშირდებიან - მოთხოვნა 500 კილოდან 2 ტონამდე ხიზილალის მიწოდებაზეა, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანი ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაა“, - ამბობს ის.

კომპანიაში ასევე გეგმავენ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას: „2026 წელს ვფიქრობთ, მომხმარებელს ცივად შებოლილი ორაგულიც შევთავაზოთ. ამ პროდუქტს ახლა სხვა მწარმოებლისგან ვყიდულობთ და ვყიდით, თუმცა მომავალში საკუთარი წარმოებით გვინდა ასორტიმენტის გაფართოება“, - აღნიშნა ხორბალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები