ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, თუკი საქართველო დასავლეთთან ურთიერთობებს არ მოაგვარებს და ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ლარი გაუფასურების ტენდენციას გააგრძელებს.
როგორც “ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო კურსი და ინვესტორების განწყობები. შესაბამისად, დავით მაისურაძის თქმით, მიმდინარე პროცესების გაგრძელების შემთხვევაში, ლარის მერყეობა გაგრძელდება.
მისი განცხადებითვე, ამ ფონზე ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასასტაბილურებლად რეზერვების უსასრულოდ ხარჯვას ვერ გააგრძელებს.
„ნებისმიერი სახის პოტენციური სანქცია და განცხადებები, რომ დასავლეთის ქვეყნები ჩვენთან ურთიერთობას წყვეტენ, ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის კურსი მიბმულია საგარეო პოლიტიკაზე და მისი ცვლილება ლარის კურსის ვარდნას იწვევს.
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ამოუწურავი არაა და რაღაც პერიოდის შემდეგ ეროვნულ ბანკს გაჩერება მოუწევს და ის ვეღარ შეძლებს რეზერვების დამატებით გაყიდვას იმისთვის, რომ ლარის კურსი შეინარჩუნოს. თუ პროცესები ასე გაგრძელდება, როგორცაა დაწყებული, არ მოხდა არჩევნების დარღვევების გამოძიება, დასავლეთთან ურთიერთობა არ აღდგა, რყევები გარდაუვალია“, - განაცხადა დავით მაისურაძემ.
ცნობისთვის, ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის - 213 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, რაც მთლიანად 2023 წელთან შედარებით უფრო მეტი მოცულობის ინტერვენციას წარმოადგენდა.
სავარაუდოდ, აღნიშნული ინტერვენციების გათვალისწინებით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა მინიმუმ 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.