მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, საწვავის გაძვირება კიდევ მოსალოდნელია - "სენტა პეტროლიუმი"

საწვავი

"სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება - საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას და ლარის გაუფასურებას.

როგორც ზაალ იაკობიძემ BMG-ის განუცხადა, გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე განვითარებული პროცესები საწვავის ფასში ჯერჯერობით სრულად არაა ასახული. შესაბამისად, მისი მოლოდინით, არაა გამორიცხული, უახლოეს ხანებში საქართველოში საწვავი მორიგ ჯერზე გაძვირდეს.

„ერთი ფაქტორი, რამაც საწვავის გაძვირება განაპირობა, ისაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა. ეს ფაქტორი შეიძლება სრულად არაა ჯერჯერობით რეალობაში ასახული, რადგან პროდუქცია შემოტანილი იყო, ფასი ახლა გაიზარდა და მაღალფასიანი პროდუქცია დიდი რაოდენობით ჯერჯერობით ბაზარზე არ შემოსულა. ეს თუ ასე დარჩა და გაძვირებული ფასით საწვავის შემოტანა გაგრძელდა, ეს ერთ-ერთი ფაქტორია ფასის მატების.

მეორე, შიდა ფაქტორი ესაა ლარის გაუფასურება. ბოლო ერთ თვეში ლარის კურსი [დოლართან მიმართებაში] დაახლოებით 5-6%-ით გაუფასურდა. ამ მოცულობით ლარის გაუფასურება როგორც წესი, მყისიერად აისახება ხოლმე საქონლის გასაყიდ ფასზე. შესაბამისად, ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია საწვავის ფასის მატება. თუ ჩავთვლით, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ან თუნდაც ამ ნიშნულზეც რომ დარჩეს, მაინც მოსალოდნელია საწვავზე ფასის მატება სამომავლოდაც. 5-7 თეთრის ფარგლებშია ახლა საწვავი გაძვირებული და შეიძლება დაახლოებით იგივე მაჩვენებლით მოკლე პერიოდში მოხდეს კიდევ გაძვირება“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 5-დან 8 თეთრამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები