მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ აუდიტის საბჭო ნაკლებად კომპეტენტური პირებისგან დაკომპლექტდება უმოქმედო ორგანოს მივიღებთ"

577a371fb7b6a
BM.GE
04.07.16 14:12
4645
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ფორმირების პროცესი იწყება. საბჭოში სულ 7 პირი იქნება, აქედან 4 სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ხოლო სამი კი პროფესიული ორგანიზაციებიდან; ბიზნესასოციაციებიდან; აკადემიური წრეებიდან.

BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ამბობს, რომ თუკი საბჭოს დაკომპლექტება არაკომპეტენტური პირებისგან მოხდება, უმოქმედო ორგანო შეიქმნება. მისი თქმით, აღნიშნული ორგანო სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა მის მიმართ სანდოობა მაღალი იყოს.

"ნაცვლად თვითრეგულირებისა აუდიტორული პროფესია გადავიდა საჯარო სახელმწიფო ორგანოს რეგულირებაზე, რომელიც განახორციელებს აუდიტორული კომპანიების ხარისხობრივი კონტროლის სისტემის შემოწმებას.

კანონი კომპანიებს კორპორატიული მმართველობის სფეროზე მოახდენს გავლენას და დამატებითი რგოლების გაჩენაც მოხდება. ორგანო რომელიც აუდიტორული და ფინანსური აღრიცხვის სფეროს ზედამხედველობას განახორციელებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და იმართებდეს ბორდის მიერ, რომელიც დაკომპლექტდება არაპრაქტიკოსებისგან. ბორდი განახორციელებს სრულად ამ სამსახურის მონიტორინგს და კონტროლს.

ამ ეტაპზე, პროფესიული საზოგადოება ვმსჯელობთ თუ რომელ კანდიდატურას წარვადგენთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ხალხი იყოს საბჭოში, ვინც კარგად იცის ერთის მხრივ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, მეორეს მხრივ კი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები.

თუ ეს საბჭო დაკომპლექტდება ისეთი პირებისგან ვისაც საკმარისი კომპეტენცია არ აქვს სფეროში, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი და შეიქმნას უმოქმედო ორგანო. ამიტომ ვაპირებთ, რომ პროცესს კარგად დავაკვირდეთ, რომ სწორი ხალხი შეირჩეს და მივიღოთ ის შედეგი, რომ გაჯანსაღდეს ფინანსური აღრიცხვიანობა ქვეყანაში“, - ამბობს ლალაზაშვილი. მისივე თქმით, საბჭოს წევრებს ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს და მათი საქმიანობის ვადა რამდენიმე წლით განისაზღვრება.

ლალაზაშვილი თვლის, რომ კანონი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული აუდიტორული კომპანიების ზრდას და განვითარებას. მისი თქმით, ქართული კომპანიებისთვის დღეს აუდიტორულ ბაზარზე დამკვიდრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენთან სფერო წლების განმავლობაში იყო რეგულირების გარეშე. შესაბამსად ხშირად იყო მახინჯი ფორმები არ იყო სწორი მომსახურება გაწეული კომპანიებისთვის. ბაზარზე კი მხოლოდ საერთაშორისო კომპანიები ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ.

ქართული კომპანიბისთვის ეს კარგი იქნება, შეიქმნება ერთიანი რეესტრი და ვინც იქნება მასში შეყვანილი მომხმარებლისთვის ისინი იქნებიან სანდო კომპანიები. შესაბამისად ქართული კომპანიები მეტად შეძლებენ ზრდას და განვითარებას.

ჩვენთან სამწუხაროდ, ფინანსური ანგარიშგების მოხმარების კულტურა არ გვაქვს. 99% შემთხვევაში, როდესაც კომპანიას არ აქვს ფინანსური ანგარიშგება გამართულად მომზადებული, მისმა დამფუძნებელმა მოგების რეალური მაჩვენებელი არ იცის. ამიტომ ფინანსური აღრიცხვიანობის მოწესრიგება თავად კომპანიებისთვის იქნება კარგი“, - ამბობს ლალაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები