დასავლური გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, თუ ჩინეთი იშვიათი ლითონების ექსპორტს შეზღუდავს, ეს დასავლეთში $6.5 ტრილიონის მოცულობის საწარმოო ინდუსტრიას უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენებს.
როგორც ცნობილია, ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ოფიციალური პეკინი უკვე ერთ წელზე მეტია ემზადება. სი ძინპინის ხელისუფლება ძვირფასი მეტალების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ჯერ კიდევ გასულ წელს გეგმავდა, თუმცა მაშინ გადაწყვეტილება 1 წლით გადავადდა. თუ ამჯერად პეკინი შეზღუდვებს დააწესებს, მოსალოდნელი შეფერხებები ძირითადად საავტომობილო, თავდაცვისა და ენერგეტიკულ სექტორებს შეეხება. ეს კი, მეტწილად, აშშ-სა და ევროპას დააზარალებს.
სააგენტოში წერენ, რომ უახლოეს მომავალში შეზღუდვები ყველაზე მეტად შესაძლოა გრაფიტის ექსპორტს შეეხოს. საუბარია იშვიათ მინერალზე, რომლის 90%-საც ჩინეთი აკონტროლებს და დანარჩენს მსოფლიოს მეტწილად თავად აწვდის. მხოლოდ გრაფიტის ექსპორტის შეზღუდვით დარტყმას $300 მილიარდის მოცულობის ინდუსტრია მიიღებს.
როგორც Reuters-ი წერს, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ალტერნატიული მიწოდების ჯაჭვების შექმნას უკვე 1 წელზე მეტიად აქტიურად ცდილობენ. მხოლოდ 2023-2025 წლებში ამ მიმართულებების განვითარებაზე გაღებული ხარჯებისა და ჩადებული ინვესტიციების მოცულობა გაოთხმაგდა და $65 მილიარდს მიაღწია, თუმცა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბაზრის წილის 85%-ს კვლავ ჩინეთი აკონტროლებს, ეს კი დასავლეთს საკმაოდ მოწყვლადს ხდის.




























