კაზინოების, ონლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების ინდუსტრია ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერას ითხოვს.
საქმე ეხება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 21 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალებათ. ასევე, შეიქმნება სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, რომლის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. კანონ პროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.
როგორც BM.ge-ისთვის გახდა ცნობილი, გასულ კვირას სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ბიზნესომბუდსმენის აპარატს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს საკუთარი შენიშვნები და პრეტენზიები გააცნო.
ზურაბ ძნელაშვილის თქმით, ინდუსტრიის მიერ დასახელებული კითხვები ლოგიკურია და ის აპირებს, როგორც - საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს.
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიაჩნია, რომ 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„ჩვენთვის მთავარია, გავიგოთ, რა არის თითოეული რეგულაციის მიზანი და დანიშნულება. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები და განმარტებითი ბარათი არ პასუხობს ყველა კითხვას და ვერ ვიგებთ, თუ რა არის რეგულაციების გამკაცრების და შეზღუდვების მიზანი. როდესაც საუბარია სისტემური ელექტრონული ფორმით თამაშობებში ასაკობრივი ზღვრის 18-დან 21 წლამდე გაზრდაზე, უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ეს ახალგაზრდები არ ითამაშებენ უცხოურ საიტებზე; ან უნდა ჩავკეტოთ უცხოურ საიტებზე წვდომა და როდესაც ჩვენ არ გვაქვს ამის გარანტია, მაშინ რა გამოდის, რომ ამ ახალგაზრდებს ჩამოვაშორებთ ქართულ საიტებს, მაგრამ ისინი გადაინაცვლებენ უცხოურზე და იქ გააგრძელებენ თამაშს. რას მივიღებთ შედეგად?! - ალბათ მხოლოდ უცხოური ვალუტის გადინებას ქვეყნიდან და მეტს არაფერს“, - აცხადებს ზურაბ ძნელშვილი.
კიდევ ერთი მთავარი შენიშვნა და კითხვა, რაც ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ონლაინ-თამაშების ინდუსტრიას გააჩნია და მათი კითხვები ლოგიკურად ეჩვენება ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელსაც, შეეხება მოთამაშეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნას და ამ ბაზის შემოსავლების სამსახურში არსებობას.
„რატომ უნდა იყოს რეესტრი ერთიანი და რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ადმინისტრაციულ ორგანოში?! პირმა, რომელიც არის მოთამაშე რატომ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ადმინისტრაციულ სტრქუტურაში?! არაა გამორიცხული, რომ ამან იმოქმედოს პირის დასაქმებაზე, სამსახურებრივ მდგომარეობაზე; მე ვიცი, რომ ბევრ - როგორც - საჯარო, ისე კერძო სტრუქტურაში აკრძალულია იმ პირების დასაქმება, რომლებიც აზარტული თამაშებით არიან დაკავებული. მოკლედ, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს პირის შრომითი უფლებების რეალიზებასაც. ამდენად, რატომ არ შეიძლება, ეს რეესტრი ჰქონდეს თავად კომპანიებს?! ბაზა იყოს ბიზნესთან და გამოითხოვოს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც ბაზებთან წვდომა ისედაც აქვს. ვფიქრობთ, პირი არ უნდა მიდიოდეს შემოსავლების სამსახურში დასარეგისტრირებლად, თორემ კომპანია რომ დაარეგისტრირებს, იმ ბაზასთან ჰქონდეს წვდომა შემოსავლების სამსახურს, ამის წინააღმდეგი არავინაა“, - განმარტავს BM.ge-ისთან საუბარში ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი.
მესამე მნიშვნელოვანი რეგულაცია შეეხება თამაშზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის ე.წ. შავი სიის შექმნას, რომელშიც თავად დამოკიდებულ პირებსაც შეეძლებათ საკუთარი თავის შეყვანა და ასევე, ოჯახის წევრებსაც, რის შემდეგაც რეესტრის წევრებს სათამაშო დაწესებულებები სათამაშოდ არ დაუშვებენ. ბიზნესომბუდსმენის აპარატს კითხვები ამ ნაწილშიც აქვს.
“მოცემულ კანონპროექტში ფართოა ოჯახის წევრის განმარტება და კითხვის ნიშნებს აჩენს. ამდენად, შეიძლება ამ ბიზნესმა საერთოდ დაკარგოს ქართველი მომხმარებელი და თუ ჩვენი ამოცანაა, ეს ბიზნესი დაიხუროს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ბიზნესი აღარ გვინდა; მაგრამ თუ ვტოვებთ ამ ბიზნესს ლეგალურ ბიზნესად, მაშინ რეგულაციები უნდა იყოს ისეთი, რომ ბიზნესმა შეძლოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

























