მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ დღეს მოცვის ექსპორტი $40 მლნ-ს აღწევს, მომავალში ეს ციფრი შეიძლება $200 მლნ-მდე გაიზარდოს - ასოციაცია სექტორის პოტენციალზე

მოცვი

მოცვი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე კულტურაა, - ასე აფასებს ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტი, თორნიკე ფანჯავიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წარმოებული მოცვის მოთხოვნა გლობალურ ბაზარზე მაღალია და საქართველომ საშუალება უნდა გამოიყენოს ექსპორტის ზრდისთვის.

ფანჯავიძის თქმით, დღეს საქართველოში მოცვის წარმოება დაახლოებით 7 000 ტონას შეადგენს, თუმცა გაშენებული ფართობების სრულ მსხმოიარობაში შესვლით ეს რაოდენობა 3–4-ჯერ გაიზრდება. „თუ დღეს მოცვის ექსპორტი 40 მილიონ დოლარს აღწევს, მომავალში ეს ციფრი 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება“, - განმარტა მან.

ფერმერების მხარდაჭერა ძირითადად სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით ხორციელდება, რომელიც უზრუნველყოფს გრანტებსა და სუბსიდირებულ სესხებს. „სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის გარეშე მოცვის სექტორი ვერ განვითარდებოდა, რადგან 1 ჰექტარზე დიდი ინვესტიციაა საჭირო. სააგენტოს გრანტებისა და სუბსიდირებული სესხების დახმარებით თითქმის ყველა ბაღი გახდა ბენეფიციარი. თანამშრომლობის შედეგად კი ბაღების გაშენება აღარ არის შეზღუდული 15 ჰექტარამდე, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანად მოქმედებდნენ და გამოიყენონ სხვადასხვა ლოგისტიკური არხები, როგორიცაა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები“, - აღნიშნა ფანჯავიძემ.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საწყობებისა და კარგო ტერმინალის მშენებლობას, ფანჯავიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება ქართული მოცვის ინდუსტრიის განვითარების, ექსპორტის გაზრდისა და ქვეყნისთვის ახალი შემოსავლის წყაროს შექმნის თვალსაზრისით. „დღეს მცირე მოცვის პარტიების საჰაერო გადაზიდვა ჩარტერის გარეშე რთულია, თუმცა 2027–2028 წლებში ახალი კარგო ტერმინალი შესაძლებლობას მისცემს, რომ დიდი მოცვის პარტიები სწრაფად ექსპორტირდეს აზიის, ევროპის და სხვა ბაზრებზე“, - განაცხადა მან.

ფანჯავიძის თქმით, ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ბაზრების დივერსიფიცირება იყო, რაც არა მხოლოდ ახალი პარტნიორების მოძიებას, არამედ პროდუქტის ხარისხის ამაღლებასაც უზრუნველყოფდა. „2 წლის წინ პირველად გავიტანეთ მოცვი ევროპაში და შემდეგ ეს რაოდენობები, ანუ ექსპორტის სტატისტიკასაც თუ შეხედავთ, იზრდება. ეს იზრდება იმის შედეგად, რომ ბაღებმა მოიპოვეს სერტიფიცირებები, გააკეთეს პოსტჰარვესტი (post-harvest), ანუ ინფრასტრუქტურა შექმნეს, რომელიც უკვე საექსპორტო პროდუქტის გამზადებას ხელს უწყობს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარი ფერმერებისთვის დღემდე მარტივი და სწრაფი არჩევანია, რადგან ორდღიანი გადაზიდვის შემთხვევაში მოცვის გაფუჭების რისკი მცირეა. თუმცა ინვესტიციების წყალობით, სულ უფრო მეტი ბაღი შეძლებს პროდუქციის ევროპაში გატანას. „29 კომპანიიდან 20-ს უკვე აქვს GlobalG.A.P. და GRASP სერტიფიკატები, რომელიც პირდაპირი ასე ვთქვათ ვიზა არის ევროპის ბაზარზე გასასვლელად მოცვის მიმართულებით“, - დაამატა ფანჯავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები