თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა, სადაც ხარ, უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო.
„განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო. თუმცა რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ვიტყვი, რომ თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და იმ კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. პროტესტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი.
წლების განმავლობაში დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილნი აგენტურის სახით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გუშინ, 16 აპრილს, "ქართული ოცნების" კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადება გავრცელდა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს.




























