მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ ელექტროდამტენებით მომსახურება უფასო უნდა დარჩეს, ეს ბიზნესის ინტერესს შეამცირებს” - E-space

დამტენი

კომპანია E-space-ის გენერალური დირექტორი დავით იოსავა ამბობს, რომ ბიზნესისთვის თბილისის მერიის შეთავაზება საინტერესოა, რადგან მათ წვდომა უჩნდებათ ახალ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საერთო ქსელში ჩაერთვება. თუმცა მისი შეფასებით, გადამწყვეტი იქნება აუქციონის პირობები, რომელსაც მერია ბიზნესს წარუდგენს.

საქმე ის არის, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ელექტრომობილების დამტენები საპრივატიზაციოდ მზადდება. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის, შესაბამისად, კერძო სექტორისთვის არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. მისი განმარტებით, საპრივატიზაციო წინადადება მზადდება.

“მუნიციპალური დამტენები ქალაქში ქაოსურად არის განლაგებული. არ იცი მუშაობს თუ არ მუშაობს, მისი დემონტაჟი მოხდა თუ შესაკეთებლად არის წაღებული. პრივატიზების შემდეგ ამის სისტემატიზება მოხდება, ჩაერთვება ქსელში, სადაც მომხმარებლები ნახავენ სტატუსს. ავტომობილი დასამუხტად მიჰყავს იმას, ვისაც ეს ესაჭიროება და თუ ადგილზე მისულს დამტენი არ დახვდა, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ეს შეთავაზება ბიზნესისთვის საინტერესოა, გამზადებული პლატფორმა თუ გაქვს, შეგიძლია პირდაპირ მიაბა დამტენები. რეალურად, მოქმედი ბიზნესი ემატება კერძო კომპანიას. მანდ მთავარი იქნება პრივატიზების პირობები. თუ პირობა იქნება, რომ უფასო უნდა დარჩეს მომსახურება, ეს ბიზნესის ინტერესს შეამცირებს, რადგან ინფრასტრუქტურას მიმდინარე ხარჯები გააჩნია, მოვლა პატრონობა თუ პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება”, - ამბობს კომპანია E-space-ის გენერალური დირექტორი დავით იოსავა.

თბილისში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია ელექტრომობილების 201 დამტენი. აქედან მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია 103 ელექტროდამტენი, რომლის მოვლა-პატრონობას "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ახორციელებს. დამუხტვის დანარჩენი წერტილები კერძო კომპანიების მიერაა დამონტაჟებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები