მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ერთი საქმე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ - კალაძე

6399b1859a203
ინგა მურუსიძე
14.12.22 15:21
598
თუ ერთი კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ კანდიდატის სტატუსს, მაში თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მედიის ნაწილმა კალაძეს გააცნო ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„საოცარი განცხადებები გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში. ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებაო. საერთოდ რა საჭირო იყო მაშინ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა? ზოგადად, რა საჭიროა მისი შესრულება, თუ ეს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღებას? თუ ეს დამოკიდებულებაა, მაშინ თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსიც და ჩვენ ჩვენს საქმეს ყოველთვის გავაკეთებთ“, - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი ამბობს, რომ მას ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, კლინიკის ადმინისტრაცია და პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სააკაშვილი ადეკვატურად არ იკვებება და ეწევა ბევრ ელექტროსიგარეტს, რაც მისთვის წონის კლებას იწვევს. გუშინ ევროპარლამენტში იმყოფებოდა სააკაშვილის ოჯახი, დედა, შვილები და ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი. მათ დეპუტატებთან ერთად ბრიფინგი გამართეს და საქართველოს ხელისუფლებას პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები