მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ეს მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდება, ბევრი საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს" - "ბიბლუსი ჯგუფი"

ბიბლუსი

"ბიბლუს ჯგუფის" მიერ საახალწლო ფესტივალის გაუქმების მიზეზებზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გაგნიძე, BMG-სთან საუბრობს. მისი თქმით, ფესტივალი, რომელიც დეკემბერში Expo Georgia-ში უნდა ჩატარებულიყო, მასშტაბური ხასიათისაა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და განწყობები კი ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა.

"იცით რა მდგომარეობაცაა ქალაქში, ეს ყველაფერი არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არამედ ეკონომიკასა და განწყობებზეც აისახება. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს განწყობები და მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ ღონისძიება, რომელსაც განსაკუთრებული მასშტაბები აქვს", - ამბობს ირაკლი გაგნიძე.

"ბიბლუს ჯგუფის" დირექტორი მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ბიზნესის ოპერირების შესაძლებლობებსაც აფასებს. მისი თქმით, დეკემბერი, რომელიც, როგორც წესი, დატვირთული თვეა რითეილ კომპანიებისთვის, წელს ერთ-ერთი წარუმატებელი იქნება.

"ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვე გამოვა წლის განმავლობაში დეკემბერი, რადგან ყოველდღიურ აქტივობა საკმაოდ დაბალია. წიგნებთან ერთად გვაქვს სათამაშოების, საშობაო ნაძვის ხეებისა და მორთულობების სეგმენტიც, მაგრამ ამ ეტაპისთვის აქტივობა საკმაოდ დაბალია.

გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი და როგორ. ამ ეტაპისთვის რა მდგომარეობაც არის, ამის დიდხანს გაგრძელება ბევრი საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს, მათ შორის ჩვენს ჯგუფში არსებული კომპანიებისთვისაც. იმედი გვაქვს, დროულად მოგვარდება ყველაფერი და დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების წესს", - აღნიშნავს ირაკლი გაგნიძე.

"ბიბლუსი" ერთ-ერთია იმ კომპაიებს შორის, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილების თუ საპროტესტო ტალღის გამო, საშობაო ღონისძიებებს აუქმებენ ან მათში მონაწილეობაზე ამბობენ უარს. როგორც ირაკლი გაგნიძე აცხადებს, გაუგებარია, რატომ მოვიდა ქვეყანა ამ პრობლემებამდე.

"ჩემთვის ამ წლების განმავლობაში ყველაზე გაურკვეველი ვითარებაა, როგორ და რატომ მივედით აქამდე, რთულია ამის თქმა, რატომ ჩავდექით ასეთ სიტუაციაში, რომ ერთ მხარეს საზოგადოებაა, და მეორე მხარეს ხელისუფალი. არც ის ვიცით, ხვალ რა იქნება, რადგან ორივე მხარეს ეტყობა, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომ ამ ნაწილის გააზრება არ მიდის და ართულებს სიტუაციას", - ამბობს ირაკლი გაგნიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები