მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ევროკავშირს ხელს ვკრავთ, რუსეთთან ერთ-ერთზე დავრჩებით და ერთხელაც გვეტყვიან"... - გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი

„თუ ევროკავშირს ხელს ვკრავთ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსეთთან ერთ-ერთზე დავრჩებით და ერთხელაც რუსები გვეტყვიან - „არავინ გაღიარებთ, არავის აინტერესებთ, ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა და ამიტომ დაეტიეთ თქვენ ადგილას... ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ევროკავშირისკენ წავსულიყავით“, - საქართველოსთვის ევროინტეგრაციის და დასავლეთთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა ისაუბრა.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის პრაგმატული პოლიტიკა და მიდგომები სჭირდება.

„2018 წელს, სომხეთში მქონდა ლექცია და იქ ვთქვი, რომ სომხეთს ჰქონდა შანსი, ევროკავშირისკენ თავიდან დაეწყო მოძრაობა; მახსოვს, მაშინ ვიღაცამ მომაძახა - „ანტირუსულ პროპაგანდას ეწევიო“ და მე ვუპასუხე: „ანტირუსული როგორ არის?! - შენ რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, ის რუსიც უფრო მეტად დაგაფასებს“, - გაიხსენა გია ჯანდიერმა.

ეკონომისტს მიაჩნია, რომ ევროპულ კლუბში გაწევრიანება საქართველოსთვის პრაგმატული გადაწყვეტილებაა და წუხს, რომ "ქართული ოცნება" არაპრაგმატული გზით მიდის".

ეკონომისტმა „წერტილთან“ ინტერვიუში ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის ფაქტორებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი კითხვაა - რამდენად შენარჩუნდება მაღალი ზრდა იმ შემთხვევაში, თუ გარე ფაქტორები შეიცვლება.

„2022 წლიდან მოყოლებული, არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ცხადია, რომ საქართველომ ისარგებლა რუსეთ-უკრაინის ომით“, - განაცხადა ეკონომისტმა და ვრცლად ისაუბრა ომიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაში გაზრდილ ფულად გზავნილებზე, უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნაზე, ICT სექტორის ზრდაზე და ა.შ. რაც მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას ეხმარება.

გია ჯანდიერი იმ ეკონომისტებს შორისაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის როლს ნაკლებად ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მთავრობა „სწორი ეკონომიკური პოლიტიკით“ ხშირად იწონებს თავს.

„ქართული ოცნების“ დიდი დამსახურება ის არის, რომ კიდევ უარესი არ ქნა... შეიძლება უარესიც ექნათ, მაგალითად, [გადასახადები გაეზარდათ]. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო რეჟიმი გვაქვს, თუ არ ჩავთვლით იმ გამოგონილ სისულელეს - საპენსიო რეფორმას ვგულისხმობ და კარგია, რომ ბოლო 20 წელია ეს საგადასახადო ტვირთი შევინარჩუნეთ, ამან საკმაოდ სტაბილური სახე მოგვცა; თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გადასახადები კიდევ შეგვემცირებინა - ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო და საგადასახადო კოდექსშიც ეწერა, მაგრამ [ქართულმა ოცნებამ] შეცვალა“, - აღნიშნა გია ჯანდიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები