მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ფართო მასაზე გადიხართ, პოსტებს პოლიტიკურ აქტიურობად ჩაგითვლით და FARA-ს ქვემდებარედ გაგხდითო" - ნინო ზურიაშვილი

ნინო ზურიაშვილი

სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი "ანალიტიკასთან" ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან, რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ სიახლეა პოლიტიკურად აქტიურობის კრიტერიუმი, რომელიც ერთ-ერთი იქნება FARA-ს დაქვემდებარებისთვის.

მისი განმარტებით, თუ აქამდე ორ კრიტერიუმზე იყო საუბარი ანუ უცხოურ დაფინანსებასა და კონტროლს დაქვემდებარებაზე, რაჟდენ კუპრაშვილმა ახლა უკვე კუმულაციურად სამი პირობა დაასახელა. ნინო ზურიაშვილი განმარტავს, რომ თავის მხრივ პოლიტიკურად აქტიურობა არ მოიაზრებს კლასიკურ გაგებას და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახდენ გავლენას სხვა ადამიანებზე და აკრიტიკებ მთავრობას.

"ბოლოს თქვა, სამი პირობა უნდა იყოს კუმულაციური, რომ თქვენ ექვემდებარებოდეთ FARA-ს. თუ ადამიანის უფლებას იცავ, ცალკე აღებული არაუშავს, თუ ფინანსდები [უცხოეთიდან] შეიძლება არ იყო FARA-ს ქვემდებარე, მაგრამ თუ პოლიტიკურად აქტიური ხარ, უკვე FARA-ს ქვემდებარე ხარ. ეს ძალიან საინტერესოდ განმარტა. მაშინ, როდესაც არ ხარ პოლიტიკოსი და მაინც გერქმევა პოლიტიკურად აქტიური, ნიშნავს, რომ თუ პოსტი დაწერე, როგორც ახლა მე მოვედი თქვენს ტელევიზიაში და საჯაროდ გამოვხატავ ჩემს პროტესტს და შეხედულებებს, ეს ჩამეთვლება, რომ პოლიტიკურად აქტიური ვარ, ანუ მარტო იმისთვის, რომ ეთერში მოვედი და აზრი დავაფიქსირე, უკვე პოლიტიკურად აქტიური ვარ და FARA-ს ქვემდებარე ვიქნებოდი ახლა, რომ მოქმედებდეს. დაასახელა ტელევიზიაში მისვლა და აზრის გამოხატვა, პოსტების წერა. ჩაწვრილმანდა და ისიც კი თქვა, რომ თუ 30 მეგობარი გყავს სოციალურ ქსელში შეიძლება არ დავინტერესდეო, მაგრამ თუ ფართო მასაზე გადიხართ, მაგას უკვე პოლიტიკურ აქტიურობად ჩაგითვლით და FARA-ს ქვემდებარედ გაგხდითო.

ვკითხე, რომ თუ დავწერე პროგრამული კოდი რომელიმე უცხოური ქვეყნის დაკვეთით და პარალელურად, ღიად გამოვხატე ჩემი აზრი, რომ საქართველომ განვითარების ევროპულ კურსს გადაუხვია და ეს ძალიან ცუდია და გავაკრიტიკე მთავრობა, ან საღამოს საპროტესტო აქციაზე გავედი და გავაპროტესტე მთავრობის ეს გადაწყვეტილება. მითხრა, ცალსახად FARA-ს ქვემდებარე ხარო. ასევე ვკითხე, საქმიანობა - საზოგადოებრივი აზრის კვლევა, თუკი დაფინანსებულია უცხოეთიდან, როგორ ხედავთ ამას მეთქი, მიპასუხა გააჩნია რაზეაო", - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

მისივე თქმით, FARA-ს შესაბამისად რეგისტრაციას არ აპირებს და ბრძოლას კანონის ფარგლებში გააგრძელებს.

"ვაპირებთ, შეუპოვრად ბრძოლას, კანონიერების ფარგლებში რა თქმა უნდა. შევეცდებით, ყველა გზა მოვძებნოთ. არ დავრეგისტრირდები, ეს არის ცალსახა, რადგან აბსოლუტური ტყუილია, რომ ჩვენ ვართ აგენტები. როგორც შევძლებთ, ისე ვიბრძოლებთ",- თქვა ნინო ზურიაშვილმა.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] 31 მაისიდან ამოქმედდება.

რა წერია "ოცნების FARA-ში"?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები