საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი Clearstream-ის ბაზრებს საქართველო მიმდინარე წლის დასაწყისში მიუერთდა. სარგებლობენ თუ არა უცხოური ინვესტორები საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტორით Clearstream, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი საუბრობს.
- ბატონო გიორგი, უცხოური ინვესტორები სარგბლობენ თუ არა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარით Clearstream და რა შეიცვალა 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე?
- უცხოური ინვესტორები Clearstream-ის მომსახურებით დიდი ხანია, თითქმის 40 წელია სარგებლობენ, უბრალოდ იმ ბაზრების სიას, რომელსაც Clearstream ფარავს საქართველო მიმდინარე წლიდან დაემატა, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შემოსვლა აქამდე პრაქტიკულად არ შეეძლოთ. ფასიანი ქაღალდების შეძენა უცხო ქვეყანაში მაგალითად, საქართველოში ლონდონელი ინვესტორისთვის ან ნიუ-იორკელი ინვესტორისთვის იმდენად სირთულეს არ წარმოადგენს, რამდენადაც შემდეგ ამ შეძენილი ფასიანი ქაღალდების სადღაც საიმედოდ შენახვა. უცხოელი ინვესტორები ბუნებრივია მაინც და მაინც კარგად არ იცნობენ ქართულ ბაზარს, ადგილობრივი საბროკერო კომპანიების შესახებ არ იციან და თვალდახუჭული ქართულ საბროკერო კომპანიებს ვერ ენდობიან. ისინი საერთაშორისო დეპოზიტარებს ენდობიან, როგორიც არის მაგალითად, Clearstream და სწორედ მათი მეშვეობით იჭერენ ფასიან ქაღალდებს სხვადასხვა ქვეყანაში. Clearstream-ის შემოსვლით ქართულ ბაზარზე სწორედ ეს მიზანი იქნა მიღწეული.
- არის თუ არა დაინტერესება Euroclear-ის მხრიდან და ქართულ ბაზარზე მისი შემოყვანა თუ იგეგმება?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია Euroclear-ი ქართულ ბაზარს, როგორც ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზარს ისე უყურებს. საქართველოში შემოსვლაზე ჯერ მათ რამე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. აქ ყველაფერი ჩვენს წარმატებაზეა დამოკიდებული, თუ ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდა და წარმატებული იქნა, მიმაჩნია, რომ ჩვენს ბაზარზე შემოსვლას Euroclear-იც არ დააყოვნებს.
- ანუ მათთვის სტიმულის მიმცემი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება იქნება და მეტი არაფერი?
- რა თქმა უნდა,. ისინი ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაციები არიან, სადაც თავიანთი კლიენტების მხრიდან მოთხოვნებს ხედავენ და იმ ბაზრებზე შედიან.
- ზოგადად სტრატეგიის ფარგლებში რამდენად სწორად მიმდინარეობს საფონდო ბაზრის განვითარება?
- ჩვენ ვთვლით, რომ ბაზრის განვითარება სწორად მიმდინარეობს, უბრალოდ არის ცალკეული საკითხები, რომელიც ჩვენი აზრით, შესაძლებელია დაჩქარდეს. ეს არის პირველ რიგში, საკანონმდებლო ბაზრის დარეგულირება. იგივე Clearstream-თან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაჭერაა შესაძლებელი Clearstream-ის მეშვეობით. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება ქართული აქციებისა და კორპორატიული ობლიგაციების ანალოგიურად ჩართვა Clearstream-ის სისტემაში არის ის, რომ საგადასახადო საკითხი არ არის დარეგულირებული. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ყოველგვარი გადასახადებისაგან გათავისუფლებულები არიან და ამან Clearstream-ს ძალიან გაუმარტივა თავის სისტემაში აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მიღება. ჩვენი სურვილია, რომ ანალოგიური საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს, როგორც აქციებზე, ასევე კორპორატიულ ობლიგაციებზე, რაც შემდეგი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ Clearstream-მა ასეთი ტიპის ფასიანი ქაღალდები ჩართოს თავის სისტემაში.
- როდის შეიძლება რომ შეღავათები სხვა ფასიან ქაღალდებზე გავრცელდეს?
- თუნდაც ისეთივე რეგულაცია დაწესდეს, როგორიც დღეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ. დღეს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მიღებული საპროცენტო შემოსავალი და ასევე ფასთა შორის სხვაობა გადასახადისაგან სრულიად გათავისუფლებულია. ფისკალურად ეს საკითხი სახელმწიფოსთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან დღეს შემოსავლები იმდენად მცირეა ასეთი ტიპის საქმიანობისგან, რომ ფაქტიურად ბიუჯეტი ამას ვერც კი იგრძნობს. სამაგიეროდ, შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ძალიან დიდი ეფექტი იმით, რომ უცხოელი ინვესტორები ქართული ფასიანი ქაღალდების შეძენას საქართვლოს ბირჟაზე პირდაპირ დაიწყებენ.

























